ზაფხულის სეზონის განმავლობაში ტურისტულ რეკრეაციულ ზონებს უამრავი ადამიანი სტუმრობს. „კომერსანტმა“ უკვე გაარკვია რა ღირს ატრაქციონები თბილისში. ჩვენ ასევე გავარკვიეთ როგორი ფასები აქვს გასართობ ცენტრებსა და ატრაქციონების პარკებს რეგიონებში.
რეგიონში ყველაზე პოპულარული ატრაქციონების პარკი არის „ციცინათელა“. გასართობი სივრცე გურიაში, შეკვეთილში მდებარეობს და მას სეზონზე დაახლოებით 300 ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობს.
„ციცინათელაში“ ყველაზე იაფი საბავშვო ზონაში შემავალი ატრაქციონებია, მათი ფასი 3-6 ლარის ფარგლებშია. სიძვირით კი ექსტრემალური ატრაქციონები გამოირჩევა, ფასები აქ - 6 ლარიდან იწყება და ყველაზე ძვირია ატრაქციონი ბუსტერი, სადაც ერთი ბილეთი 25 ლარი ღირს.
„ციცინათელაში“ სულ 36 ატრაქციონი, სათამაშო ავტომატების დარბაზი, საბავშვო ლაბირინთი "ბედნიერი ქალაქი" და ბოულინგის სივრცეა მოწყობილი. დამსვენებლებს ასევე 2 ღია ტიპის პიცერია, ყავის სახლი, ბარი და შვიდი სავაჭრო ჯიხური ემსახურება.