ზაფხულის ცხელ დღეებში გასართობ-რეკრეაციულ ზონებზე მოთხოვნა მზარდია. განსაკუთრებული ხალხმრავლობა სწორედ ამ პერიოდში შეინიშნება დასასვენებელ პარკებში განთავსებულ ატრაქციონებზეც. „კომერსანტი“ შეეცადა გაერკვია რა ღირს ატრაქციონებით სარგებლობა თბილისში და რომელ პარკშია ყველაზე ძვირი ატრაქციონი
„კომერსანტის“ მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის პარკებში საბავშვო ატრაქციონების ფასები 1.5 ლარიდან 12 ლარამდე მერყეობს.
დედაქალაქში არსებულ გასართობ პარკებს შორის პოპულარულობით „მთაწმინდის პარკი“ გამოირჩევა. პარკის ატრაქციონები დაყოფილია 3 - ექსტრემალურ, საბავშვო და საოჯახო ზონებად. პარკის ტერიტორიაზე სულ 60-მდე ატრაქციონია თავმოყრილი. ფასები 1,50 ლარიდან იწყება და 12.00 ლარამდე ადის.
პარკში ყველაზე იაფი საბავშვო ზონაში შემავალი ატრაქციონებია, სადაც ფასები 2,5-დან 5 ლარამდე მერყეობს. ყველაზე ძვირი - ექსტრემალური ატრაქციონების ფასი 10-დან 12 ლარამდეა.
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მთაწმინდის პარკის ატრაქციონების აბონემენტი შეიძინოთ. პერიოდულად hotsale-ზე 40%-იანი ფასდაკლებითაა შესაძლებელი ამ აბონემენტის შეძენა. 50-ლარიან აბონემენტში, რომელიც hotsale-ზე 30 ლარად იყიდება შედის 2 ლარი ბარათის ღირებულება და ატრაქციონებით სარგებლობა
ვაკის პარკში „შუმბა ლენდის“ ატრაქციონები 1-12 წლამდე ბავშვებზეა გათვლილი. პარკში სულ 12 ატრაქციონი მუშაობს და ფასები 4-დან 12 ლარამდეა.
თბილისში ასევე პოპულარულია მუშთაიდის პარკი, სადაც ატრაქციონების ფასები 2 ლარიდან 5 ლარამდე მერყეობს, პარკში 25 მოქმედი ატრაქციონია.
„კომერსანტი“ დასასვენებელი პარკების ვიზიტორებსაც გაესაუბრა, მათი ნაწილი, განსაკუთრებით მრავალშვილიანი მშობლები მიიჩნევენ, რომ ატრაქციონების ფასები საკმაოდ გაზრდილია და მათ ამ თანხების გადახდა უჭირთ.