სამართლებრივი საკითხები ჩემთან ვერ გაირჩევა, მე არ ვარ არც პროკურორი, არც მოსამართლე, ვინმეს თუ უნდა გამოხატოს სინანული, ეს იქნებოდა სახელმწიფოს მიმართ პატივისცემის გამოხატულება და მის შემდეგ შეიძლება, დავიწყოთ საუბარი ნებისმიერ თემაზე, მათ შორის შეხვედრებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მზია ამაღლობელის კოლეგებთან შეხვედრის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამართლებრივი საკითხები უნდა გაირჩეს პროკურატურაში და სასამართლოში.
„რაც შეეხება მზია ამაღლობელის კოლეგებთან შეხვედრას, მე ველოდი, რომ გარკვეული სინანული დაედებოდა ფონად იმ ინიციატივას, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული ადამიანების მხრიდან, თუმცა არავითარი სინანული, მათ უნდათ სამართლებრივი საკითხების გარჩევა, აპირებდნენ ადვოკატთან ერთად მოსვლას. სამართლებრივი საკითხები ჩემთან ვერ გაირჩევა, მე არ ვარ არც პროკურორი, არც მოსამართლე. სამართლებრივი საკითხები უნდა გაირჩეს პროკურატურაში და სასამართლოში, ეს არის შესაბამისი უწყებები. თუ ვინმეს უნდა გამოხატოს სინანული, იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, ეს იქნებოდა სახელმწიფოს მიმართ პატივისცემის გამოხატულება და მის შემდეგ შეიძლება, დავიწყოთ საუბარი ნებისმიერ თემაზე, მათ შორის შეხვედრებთან დაკავშირებით და ა.შ. მაგრამ როდესაც ხედავ, რომ არათუ სინანულს არ გამოხატავენ კონკრეტული სამართალდარღვევის გამო, არამედ ცდილობენ, ასეთი სამართალდარღვევების წახალისებას, ეს არის უკიდურესად მიუღებელი და ამის მიმართ ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური. კიდევ ერთხელ სინანული არის მთავარი, რაც ახლა არის გამოსახატი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დაამატა, რომ არ შეიძლება, ვიღაცამ სცადოს, ასე მარტივად ხელი აღმართოს სახელმწიფოს წარმომადგენელზე.
„რაც შეეხება წინასწარ პატიმრობას, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, ეს არის შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი, მოგეხსენებათ, ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებენ პროკურატურა და სასამართლო ხელისუფლება. მე ვერ შევალ სამართლებრივ შეფასებაში, ერთადერთი, შემიძლია საერთო შეფასება გავაკეთო იმ სამართალდარღვევის, რაც იქნა ჩადენილი. ეს არის მძიმე სამართალდარღვევა, თავისი საერთო შეფასებით, არ შეიძლება, ვიღაცამ სცადოს, ასე მარტივად ხელი აღმართოს სახელმწიფოზე, სახელმწიფოს წარმომადგენელზე, პოლიციელზე. ეს არის მძიმე სამართალდარღვევა, რასაც სჭირდებოდა სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება. როგორი უნდა იყოს ეს რეაგირება, ამაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი უწყებები და ყველამ პატივი უნდა სცეს შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილებებს. მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ ვერ ვხედავთ ვერანაირ სინანულს. პოლიციელს გაარტყეს ხელი სახეში და ნული სინანული ამასთან დაკავშირებით. არც კონკრეტულად ბრალდებულის, არც მისი კოლეგების მხრიდან. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი. დანარჩენზე საზოგადოებამ უნდა გააკეთოს თავისი შეფასება“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, როდესაც კონკრეტული ადამიანი კადრულობს და პოლიციის უფროსს სახეში ურტყამს ხელს, ამაზე ყველას უნდა ჰქონდეს ჯანსაღი რეაქცია და არა ისეთი, როგორიც გამოხატეს გუშინ, მაგალითად, ევროკავშირის უმაღლესმა თანამდებობის პირებმა, რომ თითქოს ჟურნალისტი თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო ზის ციხეში. კობახიძის თქმით, ეს არის სამარცხვინო ტყუილი.
„თქვენ მოისმინეთ ერთ-ერთი საერთაშორისო გამოხმაურება გუშინ, სადაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს თავისუფალი სიტყვის გამოხატვის გამო ზის კონკრეტული ადამიანი ციხეში. ხომ ხედავთ, რამდენად სამარცხვინო ტყუილებს კადრულობენ და ეს ტყუილი იკადრეს უმაღლეს დონეზე ევროკავშირში. ამაზე თქვენ უნდა გქონდეთ შეფასება და ასევე მნიშვნელოვანია, თქვენ გქონდეთ შეფასება იმაზე, რომ კონკრეტული ადამიანი კადრულობს და პოლიციის უფროსს სახეში ურტყამს ხელს. ამაზე ყველას უნდა ჰქონდეს ჯანსაღი რეაქცია და არა ისეთი, როგორიც გამოხატეს გუშინ, მაგალითად, ევროკავშირის უმაღლესმა თანამდებობის პირებმა, რომლებმაც იკადრეს სამარცხვინო ტყუილი და თქვეს, რომ თითქოს ჟურნალისტი თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო ზის ციხეში. ეს სამარცხვინო ტყუილია და ასეთ სამარცხვინო ტყუილებზე ჩვენ ვერ გვექნება ვერავითარი რეაგირება,“- აღნიშნა პრემიერმა.