პოლიციელს ხელი დაარტყეს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. კარგია, რომ ბრიტანეთის ელჩი ქართულად საუბრობს, მაგრამ სიმართლე უნდა ილაპარაკოს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილი გამოეხმაურა საქართველოში ბრიტანეთის ელჩის, გარეტ უორდის ვიდეომიმართვისას გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ჟურნალისტების დაკავებას და სხვა კრიტიკოსების მიმართ მზარდ რეპრესიას მიიჩნევს, როგორც საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლის მტკიცებულებას, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებს“.
„სურთ, საზოგადოება მოდელირებულ რეალობაში ამყოფონ. ვისაც 2012 წლამდე დემოკრატიის შუქურად მიიჩნევდნენ, გვახსოვს, რეალობის გადასხვაფერება როგორ ხდებოდა. ელჩი, ისევე როგორც პოლიციელი, სახელმწიფოს წარმოადგენს. დიდ ბრიტანეთში ჟურნალისტს ბრიტანეთის პოლიტიკა რომ არ მოსწონდეს და ელჩს სილა უთავაზოს, ეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება იქნება, ხელისუფლების კრიტიკა თუ სისხლის სამართლის დანაშაული? საქართველოში პოლიციელს ხელი დაარტყეს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ამიტომ შესაბამისი პროცედურები დაიწყო. ლონდონის ერთ-ერთ ქუჩაში ჟურნალისტმა ელჩს რომ სილა გააწნას, ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნება თუ ხელისუფლების კრიტიკა, იქნებ ამაზე პასუხი გაგვცეს. ევროპაში კომისიის სხდომაზე რომ არ მივიდნენ, მაგალითად, გერმანიასა და საფრანგეთში, ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნება თუ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა? უმარტივესი მოცემულობაა და უტიფრობას საზღვარი არ აქვს. მესმის, რომ ვენის კონვენცია აღარ აინტერესებთ, მაგრამ სიმართლესთან წვდომა ხომ უნდა ჰქონდეთ? კარგია, რომ ქართულად საუბრობს, მაგრამ ქართულად სიმართლე უნდა ილაპარაკოს, თორემ ტყუილებს ქართულად ილაპარაკებს, ფრანგულად თუ ინგლისურად, მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.