საკრებულოს მიერ ცხოველთა პატრონებისთვის ძაღლების გასეირნების წესების გამკაცრების შემდეგ, ვითარება უკეთესობისკენაა შეიცვალა, - ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორ გიორგი კობიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კანონის ძალაში შესვლის დღიდან „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო” აქტიურად მუშაობს, საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს, ასევე – სხვადასხვა სკვერში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მონიტორინგი ხორციელდება.

„ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს მიზანს მივაღწიეთ, რა თქმა უნდა, მონიტორინგს განვაგრძობთ. დაწერილია ჯარიმები, ხშირ შემთხვევაში საპატრულო პოლიციის ჩართვა გვიწევს, რადგან მოქალაქეების მხრიდან წინააღმდეგობას ვაწყდებით. ძირითადად პრეტენზია იმასთან დაკავშირებითაა, რომ ძაღლს თავისუფლად გადაადგილება სჭირდება, საბელის და ალიკაპის გარეშე” - ამბობს გიორგი კობიაშვილი.

გიორგი კობიაშვილმა პრესკონფერენციაზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ახალ კამპანიაზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც, დღეიდან მუნიციპალურ თავშესაფარში რეგისტრირებული ცხოველებისთვის კასტრაცია-სტერილიზაციის ოპერაცია უფასო იქნება.

„დღეს თბილისის ცხოველთა მუნიციპალურმა თავშესაფარმა ასეთი კამპანია დაიწყო: ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ცხოველი ჰყავს, შეუძლია, ის ჩვენს თავშესაფარში დაარეგისტრიროს და ჩიპი გაუკეთოს.. ასეთი ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაცია უფასოდ მოხდება.

ეს ოპერაცია სხვადასხვა კლინიკაში საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ის ერთადერთი გზაა იმისა, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ აღმოვფხვრათ. ეს კამპანია ამ ოპერაციის და ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წახალისებას ემსახურება. ჩვენ ასეთი კამპანია უკვე გვქონდა, რომლითაც, 1 თვის განმავლობაში, ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა”, - აცხადებს გიორგი კობიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ახალი კანონის მიხედვით, გარდა ცხოველთა გასასეირნებელი სპეციალური ადგილებისა, საზოგადოებრივ ადგილებში 09:00-დან 21:00 საათამდე ძაღლების გასეირნება დასაშვებია მხოლოდ მოკლე საბელით, ან საბელით და ალიკაპით. ხოლო 21:00 – 09:00 საათებში ძაღლების გასეირნება ნებადართულია ალიკაპით, საბელის გარეშეც. წესის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 20-დან 150-ლარამდე გაიზარდა.