საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA), მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 2025 წლის იანვარი-მაისის პერიოდში -  504 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 1590 შეადგინა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ  შემოსული განცხადებების რაოდენობა 45%-ით აღემატება2024 წლის ანალოგიურ პერიოდში შემოსული განცხადებების რიცხვს.

- საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 50 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 81 საქმეზე.

-  GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 24 მოვაჭრეს - 54 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში - 21 046 ლარის ოდენობით.

- მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 73 საქმეზე - 67 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

 2025 წელს, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 70% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 30% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 78%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს იმერეთი5%,  აჭარა 4% და კახეთი 3 % და სხვა რეგიონები.

 ხუთი თვის მონაცემებით, მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 169, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 148, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 96, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 29, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 23, ხოლო სხვა დანარჩენზე 39.

სტატისტიკის მიხედვით, 73%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 12%-ს,ხოლო სხვა სახის საქმიანობა 15%-ს.