მუხიანის მოსახლეობა საფეხბურთო სტადიონ „სიონზე“ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას თვეზე მეტია უწყვეტად აპროტესტებს. ისინი 35 დღეა აქციებსა და ხმაურიან მსვლელობებს აწყობენ და მშენებლობის ტერიტორიაზე მანქანებსა და სხვა ტექნიკას შესვლის საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეები კორპუსების მშენებლობის ნაცვლად რეკრეაციული სივრცის შექმნას მოითხოვენ.

მათ გუშინ თბილისის საკრებულოს მიმართეს და სტადიონის ტერიტორიაზე მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით მუხიანის მოსახლეობის 2500-ზე მეტი ხელმოწერა გადასცეს.

საკრებულოსთან მუხიანის მცხოვრებლებთან ერთად „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე იმყოფებოდა. მისი თქმით, მუხიანის სტადიონზე კორპუსების მშენებლობა კატასტროფაა იმიტომ, რომ ქალაქ თბილისის მერის დაპირებით საფეხბურთო სტადიონებსა და სკვერებში კორპუსები არ უნდა აშენდეს.

„ჩვენი საკრებულოსთან მოსვლის მიზეზი და მიზანი არის ის, რომ საკრებულოს წევრებს მუხიანის მოსახლეობის 2500-ზე მეტი ხელმოწერა მივაწოდოთ, რომელიც მუხიანში სტადიონის ტერიტორიაზე მშენებლობის შეჩერებას უკავშირდება. იმ ადგილას, 26 000 კვ მ-ზე საფეხბურთო კომპლექსი იყო, სადაც ახლა 7 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს და ის დაახლოებით 75 000 კვ. მ. საცხოვრებელ ფართზეა გათვლილი. ეს არის კატასტროფა იმიტომ, რომ ქალაქ თბილისის მერის დაპირებაა, რომ საფეხბურთო სტადიონებსა და სკვერებში კორპუსები არ აშენდებოდა, მაგრამ ფაქტი არის სხვანაირი,“ - აცხადებს გიორგი ჯაფარიძე.

მოქალაქეები ამბობენ, რომ მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით თბილისის მერიას რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა. მუხიანის მცხოვრებლები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ პროტესტი უწყვეტად გაგრძელდება, სანამ ამის შესაძლებლობა და ძალა ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ „სიონის“ სტადიონს სპორტული კომპლექსის სტატუსი 2015 წელს შეუწყვიტეს, ხოლო 2019 წელს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე გაიცა ნებართვა.

სტადიონის ტერიტორია რამდენიმე მიწის ნაკვეთადაა დაყოფილი, რომლის მესაკუთრეც „საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფია“. მისი დირექტორი საქართველო-ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბესიკ პაპისმედოვია. კომპანიის 50%-იანი წილი მასზეა გაფორმებული, 50%-იანი წილის მესაკუთრე კი  - შპს „ორენ გრუპია“. თავის მხრივ „ორენ გრუპ ჰოლდონგის“ დირექტორი იოსეფ ორენია და  100%-იან წილს კი ისრაელში რეგისტრირებული „იად ორენ ჰოლდინგი“ ფლობს.