მონობის გლობალური ინდექსით საქართველო 160 ქვეყანას შორის 38-ე ადგილზეა. თუმცა რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოში ამ მხრივ ყველაზე კარგი მდგომარეობაა. პირველ ადგილზე ყველაზე ცუდი შედეგის მქონე ქვეყანაა, ბოლოზე კი შესაბამისად ყველაზე კარგი შედეგის.

„მონობის ინდექსით“ საქართველოს აჭარბებს თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, ასევე უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი, მოლდოვა და ბულგარეთი.

მონობის გლობალური ინდექსი (Global Slavery Index) არის ანგარიში, რომელიც მსოფლიოს 160 ქვეყანაში იმ ხალხის რაოდენობას აფასებს, ვისაც თანამედროვე მონობის პირობებში უწევს ცხოვრება, ანგარიში ასევე აფასებს გლობალური მონობის რისკს ქვეყნებში და იმას, თუ რას აკეთებს ესა თუ ის ხელისუფლება თანამედროვე მონობასთან ბრძოლის კუთხით.

2021 წლის მონაცემებით, დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა თანამედროვე მონობაში, რაც 2016 წლის შემდეგ 10 მილიონით გაზრდილი მაჩვენებელია.

ქვეყნებში, რომლებიც შეფასებულია, რომ აქვთ თანამედროვე მონობის ყველაზე მაღალი გავრცელება, როგორც წესი, არის კონფლიქტები, აქვთ სახელმწიფოს მიერ დაწესებული იძულებითი შრომა და სუსტი მმართველობა.

2021 წლის ანგარიშის თანახმად, ყველაზე რთული მდგომარეობის მქონე ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება: ჩრდილოეთ კორეა, ერიტრეა, მავრიტანია, საუდის არაბეთი და თურქეთი. ხოლო ქვეყანა, სადაც ამ კუთხით ყველაზე დადებითი მდგომარეობაა, შვეიცარია აღმოჩნდა. ხუთეულში შვეიცარიასთან ერთად არის ნორვეგია, გერმანია, ნიდერლანდები და შვედეთი.

ინდექსი სამ ფაქტორზე დაყრდნობით იკვლევს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, ეს არის თანამედროვე მონობის გავრცელების ხარისხი მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად, ბავშვთა ქორწინების რაოდენობა და ადამიანებით ვაჭრობის დონე.