საქართველოში მიგრაციის ფემინიზაცია ყოველწლიურად იზრდება. ამის შესახებ განვითარების მკვლევარმა მეკო ჩაჩავამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ქალები ეკონომიკაში“ საუბრისას განაცხადა.
გადაცემაში საუბარი შეეხო ბოლო კვლევას, რომელიც ამ საკითხზე ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის“ და გაეროს ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობა საქართველოში“ ინიციატივით ჩატარდა.
მკვლევარმა ქართველი შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებზე ისაუბრა და ტერმინი მიგრაციის ფემინიზაცია განმარტა. ასევე აღნიშნა, რომ ქართველი ემიგრანტი ქალები ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებში უკვე როგორც მნიშვნელოვანი აქტორები, ისე მონაწილეობენ.
„1960-იან წლებამდე ქალები მიგრაციულ ნაკადებში კაცების თანმხლებ პირებად განიხილებოდნენ. მაგალითად ცოლები, შვილები და ა.შ. ხოლო შემდგომ, როცა სტატისტიკაში ქალთა წილმა ძალიან იმატა, გაჩნდა ტერმინი მიგრაციის ფემინიზაცია.
ეს ტერმინი გულისხმობს იმას, რომ ქალების რიცხვი ემიგრანტებში აღარ არის მხოლოდ რაოდენობრივი მონაცემი, არამედ უკვე დაიწყო მსჯელობა ქალზე, როგორც აქტორზე ემიგრაციულ პროცესებში. ეს ტერმინი ასევე მოიცავს იმ პროცესებს, რომელიც ვითარდება როგორც გამგზავნ, ისე მიმღებ ქვეყნებში და ზოგადად აღწერს გენდერის გავლენას ამ საკითხებში“, - განაცხადა სტუმარმა.
მან ასევე ისაუბრა იმ ძირითად ფაქტორებზე, რომლებიც მიგრაციის ფემინიზაციას განაპირობებს. მისი თქმით, მიგრაციის მოტივი ძირითად შემთხვევაში სიღარიბე და უმუშევრობაა. ამიტომ საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ქალების არჩევანია.
„პირველი გარე ფაქტორი არის ის, რომ საერთაშორისო ბაზარზე გაიზარდა მოთხოვნა იაფ მუშახელზე ზრუნვის საკითხებში და მდიდარ ქვეყნებს მიეცათ ფუფუნების შესაძლებლობა, რომ ღარიბი ქვეყნებიდან ქალები ამ შრომაში ჩართულიყვნენ. ასევე მნიშვნელოვანი შიდა ფაქტორია მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც საქართველოშია შექმნილი. შრომითი მიგრანტი ქალების რიცხვი ყოველწლიურად ძალიან იზრდება. ამ თვალსაზრისით არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, თუმცა სახეზეა მოცემულობა, რომ ყველაზე მეტად გადინება არის იტალიასა და საბერძნეთში, ქვეყნებში, სადაც ზრუნვის შრომაზე მოთხოვნა მაღალია.
საქსტატის 2021 წლის მონაცემებით, საქართველოდან საზღვარგარეთ სამუშაოდ 100 000-მდე ადამიანი იყო წასული, საიდანაც დაახლოებით 38% არის ქალი. საინტერესო მონაცემებია 50-55 წლის ასაკობრივი კატეგორია, რომელშიც ქალების რიცხვი კაცებისას მნიშვნელოვნად აღემატება. ეს კატეგორია საქართველოში უმეტესად ვერ ახერხებს დასაქმებას, შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას, რომ უცხო ქვეყანაში დასაქმდეს.
მიგრაციის ფემინიზაციის ზრდაზე საუბარი შესაძლებელია გზავნილების სტატისტიკაზე დაყრდნობითაც. 2022 წელს საზღვარგარეთიდან გზავნილებმა $2,3 მილიარდი შეადგინა, რაც მშპ-ის 9%-ია. ამავდროულად, იტალია და საბერძნეთი, რომლებიც საქართველოდან ყველაზე მეტი შრომითი მიგრანტი ქალის მიმღებია, გზავნილების სტატისტიკაში მოწინავე ქვეყნების რიგში არიან“, - განაცხადა სტუმარმა.
მკვლევრის თქმით, არსებობს ქალების კატეგორიაც, რომლებიც საზღვარგარეთ სამუშაოდ კონკრეტული ფინანსური მიზნების მისაღწევად მიდიან. ასეთია სესხის დაფარვა, უძრავი ქონების ყიდვა და სხვა, თუმცა ოჯახის წევრების უმუშევრობის გამო, გამომუშავებული თანხის დაზოგვას ვერ ახერხებენ და ქვეყანაში დაბრუნების გადაწყვეტილებას დიდი ხნის განმავლობაში ვერ იღებენ.
„ქალებს ხშირად აქვთ კონკრეტული მიზნები, რომელთა მისაღწევადაც მიდიან ემიგრაციაში, როგორიცაა ფინანსური ვალდებულების დაფარვა, ბინის შეძენა და ა.შ. მაგრამ მათი მიღწევა დროში ან ძალიან იწელება, ან დაუსრულებელ პროცესად იქცევა.
დანაზოგის გაკეთებას ხელს უშლის, ოჯახის საჭიროებები. ზოგჯერ ოჯახი არ არის მხოლოდ ქმარი და შვილი. არსებობს გაფართოებული ოჯახები, შვილიშვილი, დედმამიშვილი და ოჯახის ყველა წევრი მასზეა ფინანსურად დამოკიდებული. პირველ რიგში, სწორედ ეს აბრკოლებთ ემიგრანტებს დანაზოგის გაკეთებაში. ასევე, იმ შემთხვევაშიც კი თუ დანაზოგის გაკეთების საშუალება არის, მათ არ აქვთ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება ეს თანხები შემდგომში სტაბილური ეკონომიკური ცხოვრებისთვის გამოიყენონ.
2019 წლის მონაცემებით, 72%-ს არ ჰქონდა ინფორმაცია იმ სარეინტეგრაციო პროგრამების შესახებ, რომელიც არსებობს საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტებისთვის“, - აღნიშნა მეკო ჩაჩავამ.
მან ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს როლზე ემიგრანტების დაბრუნების საკითხში და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, შესაბამისი პროგრამები და სტრატეგიები პასუხს სცემდეს მიგრანტი ქალების საჭიროებებს.
„ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მიგრაციის სისტემის განვითარებისთვის, თუმცა მიგრაციის ფემინიზაციას საკმარისი ყურადღება არ ეთმობა.
ამას ვამბობთ იმიტომ, რომ ძირითადი დოკუმენტები გენდერული პერსპექტივებისგან საერთოდ დაცლილია. მათ შორის, მიგრაციის შესახებ კანონი, რომელიც ბოლო წლებშია მიღებული. ასევეა სამოქმედო გეგმები და პოლიტიკის დოკუმენტები. სტრატეგიის დოკუმენტში ჩვენ ვხვდებით, რომ მნიშვნელოვანია მიგრაციის ფემინიზაციაზე ყურადღების გამახვილება, თუმცა, სტრატეგია ძალიან ზოგადი დოკუმენტია და მასში სიტყვა „ქალი“ არც იძებნება.
მისივე შეფასებით, არსებული სარეინტეგრაციო პროგრამების მთავარი ნაკლი მცირე ბიუჯეტია.
„ეს არის უფრო ერთჯერადი დახმარების სახით გაცემული თანხა, ვიდრე რაღაც მდგრადი შედეგის მისაღებად გამოყოფილი ფინანსები. ეს უფრო სოციალური დახმარების ეფექტის მქონე პროგრამაა და არა საინტეგრაციო ხასიათის. ასევე ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა გავრცელდეს არა მარო არალეგალურად დასაქმებულ ემიგრანტებზე, არამედ საზღვარგარეთ ლეგალურად მყოფ ემიგრანტებზეც.
ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა ეს პროგრამები ინდივიდუალურ საჭიროებებზე იყოს გათვლილი და არ იყოს დოკუმენტზე მიბმული.
ასევე მნიშვნელოვანია სექტორული პროგრამები, მაგალითად „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების პროგრამები, რომელთაც უფრო დიდი ბიუჯეტი აქვთ, უფრო მდგრად შედეგებზე არის გათვლილი, მაგრამ დაბრუნებულ მიგრანტ ქალებზე ნაკლებად არის ორიენტირებული, ვინაიდან ამ პროგრამებში შესაბამისი გამოცდილებისა და ცოდნის მქონე პირები უფრო იმარჯვებენ. ამიტომ მსგავს სექტორულ პროგრამებში დაბრუნებული მიგრანტი ქალების ცალკე ჯგუფად განსაზღვრა უნდა მოხდეს“, - განაცხადა სტუმარმა.
სახელმწიფო უწყებების გარდა კვლევაში არსებობს ეროვნული ბანკის მიმართ განსაზღვრული რეკომენდაციები, რომ მოხდეს ფინანსური განათლების ამაღლება გზავნილებზე მიბმული ოჯახებისთვის, თუმცა აღნიშნულია, რომ ამ პროცესში კერძო კომერციული ბანკების მონაწილეობაც მნიშვნელოვანია.