მარსის ტოქსიკური მტვერი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს იმ ასტრონავტებისთვის, რომლებიც მომავალში წითელ პლანეტაზე მისიას შეასრულებენ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სპეციალისტების აზრით, მომავალი მისია, რომლისთვისაც დიდი ხანია ემზადებიან, ასტრონავტებისთვის შეიძლება ძალიან საშიში იყოს. კერძოდ, მარსის მტვერი ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, როგორებიცაა კრემნიუმი, ნატრიუმის პერქლორატი და სხვა. ეს ნივთიერებები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ ასტრონავტებისთვის.

„ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ფილტვები იმიტომ, რომ მტვერი იმდენად წვრილია, რომ იგი ფილტვებში დარჩება, მათი ნაწილი კი სისხლში მოხვდება“, - განაცხადა კვლევის თანაავტორმა კასტინ ვანმა.

ვანმა ასევე აღნიშნა, რომ ასტრონავტები ისედაც რისკის ქვეშ არიან კოსმოსური მისიების დროს. კერძოდ, რადიაციის ზემოქმედების გამო არსებობს ფიბროზის განვითარების რისკი. ვანმა აღნიშნა, რომ ნატრიუმის პერქლორატს, რომელიც მარსის მტვერში აღმოაჩინეს, შეუძლია ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია და ანემია გამოიწვიოს.

მეცნიერები მარსის მტვრის ფილტრაციის ტექნოლოგიის აუცილებლობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ შესაბამისი მომზადების შემთხვევაში მარსზე მისია შეუძლებელი სულაც არ იქნება.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ დედამიწაზე არსებული მრგვალი ფორმის მტვრის ნაწილაკები მკვეთრად განსხვავდებიან მარსზე და მთვარეზე არსებულ მტვრისგან, რომელიც უფრო წაწვეტებული ფორმისაა. წაწვეტებული ფორმის მტვრის ნაწილაკებს რბილი მემბრანების გაღიზიანება შეუძლიათ.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მანძილი დედამიწასა და მარსს შორის ასტრონავტების სწრაფი დაბრუნებისა და ევაკუაციის საშუალებას არ იძლევა, ამიტომ აუცილებელია სრული სამედიცინო პოტენციალის კოსმოსურ ხომალდზე მობილიზება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამ პრობლემის მოგვარებისთვის უნდა გაერთიანდნენ სამედიცინო, საინჟინრო და სამეცნიერო სფეროების წარმომადგენლები.

წყარო: imedinews.ge