28 მარტს, თბილისში, ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო პროექტის "მასწავლებლების გაძლიერება მწვანე მომავლისთვის: განახლებადი ენერგია და გარემოსდაცვითი განათლება საქართველოს სკოლებსა და მუნიციპალიტეტებში" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა განახლებადი ენერგიისა და გარემოსდაცვითი განათლების შესახებ თავისი იდეები და პროექტები წარმოადგინეს.
ღონისძიებას დაესწრნენ ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები, მასწავლებლები, მოსწავლეები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, გარეტ უორდმა, სიტყვით მიმართა დამსწრეებს და ისაუბრა განახლებადი ენერგიის მნიშვნელობასა და პროექტის როლზე ცნობიერების ამაღლებისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული სემინარების საფუძველზე, მასწავლებლების მხარდაჭერით, მოსწავლეებმა განახლებადი ენერგიის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. ჟიურის მიერ შერჩეულ სამ გამარჯვებულ სკოლას - ქუთაისის N24 საჯარო სკოლა, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქ. რუსთავის N5 საჯარო სკოლა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლა – ლეპტოპები გადაეცათ საჩუქრად.
სოფელი იყალთოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი სკოლის პრობლემაზე ისაუბრეს – მათი სკოლა ჯერ კიდევ შეშის ღუმელით თბება, რაც მთელ რიგ პრობლემებს იწვევს. ამ პრობლემის გადაჭრის გზად მათ მზის პანელების დაყენება დაასახელეს, ამ ინიციატივის საპასუხოდ, კომპანია Georgian Renewable Group-მა იყალთოს საჯარო სკოლას მზის პანელები გადასცა საჩუქრად.
საგანმანათლებლო პროექტი "მასწავლებლების გაძლიერება მწვანე მომავლისთვის: განახლებადი ენერგია და გარემოსდაცვითი განათლება საქართველოს სკოლებსა და მუნიციპალიტეტებში"საქართველოს 10 რეგიონში (ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა, სვანეთი, გურია, აჭარა, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი) ჩატარდა. პროექტი მიზნად ისახავდა მასწავლებლების ცნობიერების ამაღლებას და მათთვის განახლებადი ენერგიისა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
GREDA-სთვის მსგავსი საგანმანათლებლო პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანისინი ემსახურებიან როგორც გარემოს დაცვის, ისე ქვეყნის ენერგეტიკული და ეკონომიკურიმდგრადობის გაძლიერებას. განახლებადი ენერგიის შესახებ ცნობიერების ამაღლება ხელს უწყობსსაზოგადოების უფრო აქტიურ ჩართვას ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის გამოყენებაში, რაც, საბოლოოდ, ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრად განვითარებას.