ჭიათურიდან ჩამოსული მაღაროელები მეორე დღეა, თბილისში აქციას მართავენ. მათ 20 ივნისს პარლამენტის შენობიდან „ჯორჯიან მანგანეზის" სათავო ოფისამდე მსვლელობა მოაწყვეს. გაფიცული მაღაროელები კვლავ პარლამენტთან გეგმავენ დაბრუნებას. ისინი მოქალაქეებს 18:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებენ.

„ყველას, ვისაც მძიმე და უსამართლო შრომით პირობებზე გული შესტკივა, შემოგვიერთდით", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მაღაროელებმა ძირითადი მოთხოვნა, რომელიც ხელფასის 40%-ით ზრდას ითვალისწინებდა, მოლაპარაკების შედეგად შეამცირეს და ამჟამად 20%-იან მატებაზეც თანახმა არიან.

გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის ზრდასთან ერთად, მაღაროელებს მთავარ მოთხოვნად დასახელებული აქვთ:

  • 2023 წლის 1 თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულება;
  • ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება;
  • დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება;
  • დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლება;
  • ტექნიკური განახლება/გაუმჯობესება;
  • ულუფის გაუმჯობესება;
  • უსაფრთხოების გაკონტროლება და ა.შ.