"ქართული ოცნება" იმ გამოხმაურებებზე საუბრობს, რომელიც სოციალურ ქსელში, Guns N" Roses-ის დაგეგმილ კონცერტს მოჰყვა, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან. ექსპრეზიდენტი პლატფორმა X-ზე იმ მოწოდებებს შეუერთდა, რომლის მიხედვითაც, ლეგენდარულ როკ ჯგუფს ურჩევენ, საქართველოში არ ჩამოვიდეს. უმრავლესობა ამას ბულინგის მორიგ ტალღას უწოდებს და ამბობს, რომ მათი ოპონენტები მუსიკალური ღონისძიების ჩაშლასაც, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობენ.

პროტესტი არ გაჩერდება მანამ, სანამ არ იქნება ახალი არჩევნები! ამის შემდეგ უკვე კონცერტებს მივესალმებით! - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა, რომლის პოზიციას იზიარებს ოპოზიციაც. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საზოგადოებაში ახლა საზეიმო განწყობა არ არის და ხალხის დაკვეთა დღეს მხოლოდ ახალი არჩევნებია.

Guns N" Roses-ის კონცერტი 30 მაისს შეკვეთილში უნდა გაიმართოს, სადაც რამდენიმე თვის წინ Massive Attack-ის კონცერტიც უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ღონისძიება გაუქმდა. ამას წინ უძღოდა მოწოდებები საქართველოდან, რომ ბრიტანული ჯგუფი არ ჩამოსულიყო და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება გაეთვალისწინებინა. ქართველი ხალხის სახელით მაშინ მათ ორგანიზაცია "სირცხვილიამაც" მიმართა. მმართველი პარტიაში ამბობენ, რომ მათი ოპონენტები დღესაც იმავეს ცდილობენ, რომ ხელი შეუშალონ ყველა იმ სარგებლის მიღებას, რაც ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებს ემსახურება.

Guns N" Roses-ი საქართველოს პირველად ეწვევა. ლეგენდარული როკ ჯგუფის ჩამოსვლა სახელმწიფო პროგრამის, "სთარინგ ჯორჯიას" ფარგლებში დაიგეგმა.

წყარო: რუსთავი 2