ასტრონომებმა კოსმოსური ტელესკოპის, „ევკლიდის“ მიერ მოწოდებული მონაცემები დაამუშავეს და 2674 ჯუჯა გალაქტიკა აღმოაჩინეს. ეს არის კოსმოსური ობიექტები, რომლებსაც ნაკლები სიკაშკაშე და მასა აქვთ.
ჩვეულებრივი გალაქტიკებისგან განსხვავებით, რომლებშიც ასობით მილიარდი ვარსკვლავია, ჯუჯა გალაქტიკები რამდენიმე მილიონ ან მილიარდ ვარსკვლავს შეიცავენ. როგორც წესი, ჯუჯა გალაქტიკა მასობრივი კოსმოსური სისტემების შეჯახების შედეგად წარმოიშობა.
ასტრონომების განცხადებით, ჯუჯა გალაქტიკებზე დაკვირვება მისცემს მათ საშუალებას, გალაქტიკების დაბადებისა და ევოლუციის პროცესს ადევნონ თვალი, ასევე, დააკვირდნენ ბნელი მატერიის განაწილებას, ახალი ვარსკვლავების დაბადებას და მათი ქიმიური შემადგენლობის ცვლილებას.
ტელესკოპმა „ევკლიდმა“ ჯუჯა გალაქტიკების შესწავლაში დიდი წვლილი შეიტანა. იგი ექსპლუატაციაში 2023 წელს ევროპული კოსმოსური სააგენტოს მიერ იყო ჩაშვებული. „ევკლიდის“ მთავარი მისია ბნელი მატერიისა და ენერგიის ძებნაა. ტელესკოპმა უკვე მილიონობით გალაქტიკის დაფიქსირება შეძლო და ის დეტალურ 3D-რუკას ქმნის.
საქმე ისაა, რომ ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით, ასტრონომებს ყველაზე ბუნდოვანი კოსმოსური ობიექტების გარჩევაც შეუძლიათ, რომელთა დაფიქსირებაც აქამდე ვერ ხერხდებოდა.
წყარო: imedinews.ge