ე.წ. სკინტლის სკანდალმა და რძის პროდუქტებში აღმოჩენილმა დარღვევებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში მომხმარებელთა უფლებების დაცვა დიდი გამოწვევების წინაშეა. ,,სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისგან 100%-ით დაცული არც ერთი ქვეყნის მოქალაქე არ არის.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან“ საუბარში „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი. ვახტანგ კობალაძე განმარტავს, რომ სწორედ ამიტომ საჭიროა ქვეყანაში მოქმედებდეს ეფექტური კანონმდებლობა და მონიტორინგის სისტემა. ის ასევე ხაზს უსვამს, რომ პროდუქტების ხარისხის კონტროლში მომხმარებელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ვახტანგ კობალაძე მეწარმეების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს.
,,სურსათში, პროდუქტში მავნე ნივთიერების ან რაღაც მომწამლავი ბაქტერიის გამოვლენა ხდება ჩვენთანაც და ხდება განვითარებულ ქვეყნებშიც. სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისგან 100%-ით დაცული არც ერთი ქვეყნის მოქალაქე არ არის. სწორედ, ამიტომ არის საჭირო, რომ ქვეყანაში იყოს ეფექტიანი კანონმდებლობა, სახელმიწფო მაკონტროლებელი სისტემა, მეწარმეები მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ თავის საქმეს. ასეთი შემთხვევები ბოლომდე ვერ აღმოიფხვრება. ეს შეუძლებელია. თუმცა ის მინიმუმამდე უნდა იყოს შემცირებული. ჩვენთან, სამწუხაროდ ვერც კანონმდებლობა ვერ არის თავის დონეზე. არც სახელმწიფო მაკონტროლებელი სისტემაა მოწოდების სიმაღლეზე. მეწარმეების უმეტესობაც ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ მოთხოვნებს უნვებლობასთან დაკავშირებით. მომხმარებლებიც ძალიან დაბალ დონეზე ვართ ინფორმირებული. ეს ყველაფერი ქმნის საკმაოდ მძიმე სურათს.’’- აცხადებს ვახტანგ კობალაძე.
„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი პრობლემურად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ გამოვლენილი დარღვევების შესახებ მომხმარებელს ინფორმაცია გვიან მიეწოდება. ვახტანგ კობალაძე აცხადებს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო თავის ვალდებულებას არ ასრულებს.
,,პრობლემის შესახებ საზოგადოების ყურადღების მიზიდვა მაშინ ხდება, როდესაც გამჟღავნდება და გახმაურდება ასეთი ტიპის ინფორმაცია. მსგავსი დარღვევები ხდება, უბრალოდ არ ხმაურდება ეს ინფორმაცია. პირველ რიგში იმის გამო, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო არ ასრულებს თავის ვალდებულებას და ყოველი ასეთი მავნე პროდუქტის გამოვლენის დროს საჯარო განცხადებებს არ აქვეყნებს. უკეთეს შემთხვევაში აქვეყნებს ამ ინფორმაციას კონტროლის კვარტალურ შედეგებში. საზოგადოება ვერ იგებს დარღვევების შესახებ.’’- აცხადებს ვახტანგ კობალაძე.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელს ვკითხეთ მისი აზრით, რატომ აქვეყნებს დარღვევების შესახებ ინფორმაციას სურსათის უვნებლობის სააგენტო. ვახტანგ კობალაძე ამბობს, რომ სახელმწიფოსთვის კონკრეტული ბიზნესების ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მომხმარებლების უფლებების დაცვა, რის გამოც სააგენტო დარღვევების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ კვარტალურ ანგარიშში აქვეყნებს. მისი მოსაზრებით, შესაძლოა სააგენტოს მთავრობისგან მითითება ჰქონდეს, რომ საფრთხის შემცველი პროდუქტი ბაზრიდან ისე ამოიღოს, რომ არ გამოაქვეყნოს ინფორმაცია. ვახტანგ კობალაძე მიიჩნევს, რომ ამით ისინი საზოგადოებაში აჟიოტაჟის ატეხას ერიდებიან.
,,იმიზეზებენ იმას, რომ ასეთი სკანდალი რომ ატყდა ეს აზიანებს ბიზნესის ინტერესებს. რის გამოც ამის გაკეთება სახიფათოა, რადგან ბიზნესი დაზიანდება. სურსათის სააგენტოში ამბობენ, რომ ჩვენ ვახდენთ რისკების შეფასებას და თუკი ბაზრიდან ხდება პროდუქტის ამოღება ჩვენ აღარ ვაქვეყნებთ ამას და ეს არ არის საჭირო. ნამდვილად არადამაჯერებელი პასუხები აქვთ. მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ არ უნდათ ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხა. ისეთი აჟიოტაჟის ატეხა, როგორც ახლა მოხდა. მუშაობენ, თავის საქმეს აკეთებენ მეტ ნაკლებად. ალბათ მთავრობის მხრიდანაც არის ასეთი მითითება, რომ არ გინდათ ზედმეტად გახმაურება, საზოგადოება რომ არ ავაღელვოთ ზედმეტად. ამოვიღოთ ქსელიდან მაგრამ ასეთი განცხადებები არ არის საჭიროო. მიჩნდება ეჭვი, რომ თუ კი პრაქტიკაში დანერგავენ იმას, რომ ყოველთვის გამოაცხადონ ასეთი შედეგები, მაშინ ხელისუფლებასთან დაახლოებული მეწარმეების შესახებაც უნდა გამოაცხადონ. იმას ხომ ვერ დამალავენ. შეიძლება ამის გამოც იკავებენ თავს.’’- აცხადებს ვახტანგ კობალაძე.