სტაციონარულ დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის სერტიფიკატის მისაღებად და ჯანდაცვის სამინისტროში წარსადგენად რამდენიმე დღე რჩებათ. ვადა კლინიკებისთვის 1 მაისს იწურება. ამერიკის აკრედიტაციის კომისიის ვიცეპრეზიდენტი, არჩილ მორჩილაძე ამბობს, რომ მათი კომისია საქართველოს მასშტაბით 60-მდე სამედიცინო დაწესებულებას ემსახურება, რომლებმაც აკრედიტაციის აღება სრულად შეძლეს. მისი შეფასებით, დღეს მთავარი პრობლემა იმ ორგანიზაციების საქმიანობაა, რომლებიც კლინიკებს საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებაში ეხმარებიან, თუმცა რეალურად მათი საქმიანობა საერთაშორისოდ აღიარებული არ არის, რაც პროცესის დისკრედიტაციის რისკებს ქმნის.

“პრაქტიკულად იმ კლინიკებმა, რომლებმაც ჩვენთან დაიწყეს აკრედიტაცია ახალ წლამდე 6 კლინიკის გარდა, ყველამ დაასრულა, ეს 6 დაწესებულება იყო, რომელმაც აკრედიტაციის პროცესი გარკვეული მიზეზების გამო შეაჩერა, რადგან ვერ შეძლებდნენ პირობების დაკმაყოფილებას. ჩვენი ერთადერთი კლინიკა იყო დარჩენილი, ვინც ვადაში ვერ ჩაეტია, ყველაზე ადრე დაიწყო პროცესი და ერთი კვირის წინ დაასრულა.

60-მდე კლინიკა გვყავს, ზოგმა უკვე აკრედიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო. პერიოდულ შემოწმებას ვატარებთ, რასაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ. თავდაპირველად აკრედიტაციის მიღება პროცესისთვის კლინიკის მზაობას ცხადყოფს, ერთი წლის თავზე კი გამოჩნდება რამდენად მუშაობს ის კომიტეტები, რომლებიც უნდა იყოს კლინიკაში, რამდენად ქმედითია ის შიდა პროცედურები, რომლებიც ჩვენი მეშვეობით დაინერგა - ყველაზე მთავარი ეს არის.

აკრედიტაცია ისეთმა ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს, რომელსაც თავისი სტანდარტები ხარისხის საერთაშორისო ასოციაციისგან თავად აქვს აკრედიტებული. სამწუხაროდ, ჩვენთან ბევრი ისეთი ორგანიზაცია მუშაობს, რომლის პროგრამებსაც არ აქვს ხარისხის საერთაშორისო ასოციაციის აკრედიტაცია, რაც არასამართლიან პირობებში აყენებს კლინიკებს და შეიძლება პროცესის დისკრედიტაციაც გამოიწვიოს”, - ამბობს არჩილ მორჩილაძე.

ცნობისთვის, კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის აუცილებლობაზე ჯანდაცვის სამინისტრო 2022 წლიდან საუბრობს. პირველ ეტაპზე სტანდარტებზე მორგების ვადად 2025 წელი განისაზღვრა. 2024 წლის 31 დეკემბრის მთავრობის დადგენილების მიხედვით, საერთაშორისო აკრედიტაციის ვადები გახანგრძლივდა. ამბულატორებს ვადა 2025 წლის ბოლომდე აქვთ, სტაციონარულმა დაწესებულებებმა კი შესაბამისი სერტიფიკატები სამინისტროს 1 მაისამდე უნდა წარუდგინონ.

bm.ge