მწვანე ტბასთან მდებარე მთიდან კლდოვანი მასას აქტიურად უკვე ერთი თვეა მოიპოვებენ, თუმცა, გაცემულია თუ არა ლიცენზია ხულოში, მწვანე ტბასთან ინერტული მასალის მოპოვებაზე? – ამ შეკითხვაზე სახელმწიფო უწყებებში დღეს, 26 ივლისს, ადგილოვრივ მედიას ვერ უპასუხეს.
ინერტულ მასალას მწვანე ტბასთან მდებარე ქედზე მოიპოვებენ, რომელსაც ადგილობრივები „ნაომარ სერს“ ეძახიან. ხულოში მცხოვრები ჯემალ საგინაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ინერტულ მასალას მწვანე ტბის ზედა ნაწილიდან ეზიდებიან, საიდან ჩამომდინარე წყლებითაც სავარაუდოდ ტბა იკვებება.
„ეს მიწა, ცნობილია, რომ არ არის მდგრადი საერთოდ, ყველგან მეწყერსაშიში ზონაა. წყალი შეიძლება ერთი მიმართულებით მიდიოდეს საერთოდ და კვებავდეს ტბას, დაკარგოს მიმართულება და სხვაგან გადამისამართდეს, როცა ქანებს ეხები. ამას სჭირდება გეოლოგების ჩართვა. ჩვენ კი არავინ გვეუბნება, ჩართულია თუ არა რომელიმე სპეციალისტი, საერთოდ გაცემულია თუ არა ლიცენზია. ასე ინტენსიურად თუ გაგრძელდა სამუშაოები, შესაძლოა, გამოუსწორებელ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ,“ – ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი ჯემალ საგინაძე.
აჭარის ტერიტორიაზე ინერტული მასალის მოპოვების კუთხით ლიცენზიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გასცემს. ამ უწყების პრესცენტრში ადგილიბრივ მედიას უთხრეს, რომ მათ ლიცენზია მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არ გაუციათ, თუმცა შესაძლოა ლიცენზია საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გასცა.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრში მედიას ინფორმაციის მიწოდებას დაპირდნენ, თუმცა სამუშაო დღის ბოლომდე ვერ შეძლეს ეთქვათ, გაცემულია თუ არა ლიცენზია მწვანე ტბის მიმდებარედ ინერტული მასალის მოპოვებაზე.
გარემოს ეროვნული სააგენტო ამბობს, რომ "ინერტული მასალის მოპოვების საკითხი და ამ პროცესზე ზედამხედველობის განხორციელება არ განეკუთვნება სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას".
მედიას ინფორმაცია ვერც გარემოს ზედამხედველობის დაცვის სამსახურიდან მიაწოდეს, არადა, სწორედ ეს უწყება უნდა რეაგირებდეს გარემოს წინააღმდეგ სამართალდარღვევებზე.
ბათუმი ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანიები: შპს „არალი“; შპს „New Road“ და შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებენ.კომპანიები კომენტარს არ აკეთებენ
ინერტული მასალის ლიცენზიაზე ინფორმაციაა არც გზების დეპარტამენტი გასცემს.
„ლიცენზიის გარეშე პროექტს ვერ მიიღებდნენ,“ – მისწერეს "ბათუმელებს" გზების დეპარტამენტის პრესცენტრიდან.
წყარო: ბათუმელები.