გეოპოლიტიკური მიზნებისთვის სავალუტო რეზერვების გამოყენება ცენტრალური ბანკებისთვის სულ უფრო დიდი პრობლემა ხდება, რაც აძლიერებს ოქროში ინვესტიციების გაზრდის არგუმენტებს.

UBS Group-ის მიერ დაახლოებით 40 ცენტრალური ბანკის რეზერვების მენეჯერების გამოკითხვამ აჩვენა, რომ იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ვალუტის რეზერვების გამოყენება პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტად საინვესტიციო რისკია, გასული წლის 32%-დან 2025 წელს 49%-მდე გაიზარდა.

2023 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 14% იყო.

„გეოპოლიტიკური რისკი ჩვენს კვლევაში ძალიან მნიშვნელოვანი გახდა“, - განაცხადა UBS Asset Management-ის ანალიტიკოსმა ფილიპ სალმანმა და დასძინა, რომ ოქრო დიდ მოგებაში აღმოჩნდა კონფლიქტებით გამოწვეული საფრთხეებისა და ზოგიერთ მსხვილ ეკონომიკას შორის გაუარესებული ურთიერთობებისგან თავის დაცვის სურვილის გამო.

ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს შესყიდვებმა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია ძვირფასი ლითონის ფასებს, რომლებიც 2022 წლის ბოლოდან გაორმაგდა. შესყიდვების ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის სავალუტო რეზერვების გაყინვის შემდეგ. ამ ნაბიჯმა გაზარდა ოქროს, როგორც აქტივის მიმზიდველობა, რომლის გატანაც რთულია. შედეგად, ოქრომ ევროს გაუსწრო და 2024 წელს გლობალური ცენტრალური ბანკების საერთაშორისო რეზერვებში მეორე ყველაზე პოპულარული აქტივი გახდა.

„ოქროს ყიდვა აშკარად სანქციების რისკების შემცირების გზად განიხილება“, - ამბობს მასიმილიანო კასტელი, UBS Asset Management-ის გლობალური სტრატეგიის დირექტორი. „თუ ოქროს იყიდით, რეპატრიაციას გაუკეთებთ და საკუთარ ქვეყანაში შეინახავთ, ამ აქტივზე სანქციების დაწესება ძალიან რთული იქნება“.

ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება. კვლევის თანახმად, ცენტრალური ბანკების 52% აპირებს მომავალ წელს ოქროს წილის გაზრდას მათ რეზერვებში. ამავდროულად, გამოკითხულთა 39%-მა განაცხადა, რომ გეგმავენ რეპატრირებული ოქროს რეზერვების წილის გაზრდას.

ამავდროულად, ამერიკული ვალუტის პოზიცია სუსტდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, გლობალურ სავალუტო რეზერვებში აშშ დოლარის წილი 2000 წლის დაახლოებით 70%-დან 2024 წელს 58%-მდე შემცირდა. ევროს პოზიცია კი, პირიქით, დაახლოებით 20%-მდე გაძლიერდა.

ვრცლად interfax – ზე