4 სექტემბრიდან საქართველოს 4 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში გზებზე გამონაბოლქვის ინსპექტირების პროგრამა დაიწყება. უკვე მოქმედებს შესაბამისი სანქციებიც და ეს პროცესი სრულ კონტროლზე იქნება აყვანილი. რაც შეეხება სანქციების თემას, პირველ ჯერზე განსაზღვრულია 100 ლარიანი ჯარიმა, განმეორების შემთხვევაში 300 ლარიანი, ხოლო მესამე დაფიქსირებისას ჯარიმის ოდენობა 600 ლარამდე გაიზრდება.

რამდენად ეფექტიანი იქნება გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან კონტროლი და როგორ იმოქმედებს რეგულაცია ავტოპარკის განახლებაზე ამის შესახებ რადიო  „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ტექინსპექტირების  ცენტრების აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, შემოღებული პროცესი ავტომფლობელებს უფრო პასუხისმგებლიანს გახდის და მათ ტექინსპექტირების გავლის შემდეგაც მოუწევთ, რომ ავტომობილს ყურადღება მიაქციონ.

„საწყის  ეტაპზე პროექტი 4 ქალაქში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და  რუსთავში  განხორციელდება, რადგან დიდ ქალაქებში ცუდი ეკოლოგიური მდგომარეობაა და ამიტომ პროცესი  დიდი  ქალაქებიდან უნდა  დაწყებულიყო, თუმცა ვფიქრობ რომ სამომავლოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა განხორციელდეს და ის ავტომობილები, რომლებიც  ჭარბ  გამონაბოლქვს  გამოყოფენ  აღმოჩენილ იქნეს,  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში  გვქონდეს გამართული ავტოპარკი“ - აღნიშნა გიორგი შიოლაშვილმა

შიოლაშილის თქმით საქართველოში  ავტომობილების  80%-ზე  მეტი 10 წელზე მეტი ხნისაა, შესაბამისად, ის  პროცესი, რომლის მიხედვითაც 2013 წლამდე  ავტომობილების იმპორტი  უნდა აიკრძალოს, ავტოპარკის განახლებისთვის და გამონაბოლქვის შემცირებისთვის კეთდება.

„ჩვენთან ეს პროცესი ეტაპობრივად ხორციელდება, ვგულისხმობ გამონაბოლქვის ნორმების გამკაცრებას,  2025 წლამდე ბენზინის ძრავიან ავტომობილებზე ნორმა 0,05-მდე მკაცრდება, ეს ეხება ავტომობილებს, რომლებიც ქვეყანაში 2020 წლამდეა იმპორტირებული. ვფიქრობ ესეც იმისთვის გაკეთდა, რომ მოსახლეობისთვის და ავტომფლობელებისთვის გამკაცრებული ნორმები რთულად გადასალახი არ ყოფილიყო. ჩვენ ნელ-ნელა   ევროდირექტივაში მოცემულ ნორმებამდე უნდა მივიდეთ. საუბარია მინიმალურ, ნორმაზე, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებშია მოცემული და ამ  ნიშნულს ჩვენ 2025 წლამდე უნდა მივაღწიოთ.“ - აღნიშნა გიორგი შიოლაშვილმა.

შიოლაშვილის განცხადებით ტექნისპექტირებაზე მიმართვიანობა წინა წელთან შედარებით დაახლოებით  10%-ით არის გაზრდილი, რაც განპირობებულია იმით, რომ დაჯარიმების ტარიფი გაზრდილია.

„მას მერე, რაც  ჯარიმების  გაძვირება  შევიდა  ძალაში, ავტომფლობელს  ჯარიმების  გადახდით  გადაადგილება  აღარ  უღირს  და ურჩევნია ტექინსპექტირების  ცენტრს მიმართოს და ავტომობილი  გამართოს.

2022 წელს ტექინსპექტირების ცენტრებს 785 000-მა  ავტომობილმა მიმართა, რაც  ქვეყანაში  რეგისტრირებული  ავტომობილების ნახევარიც არ არის, აქედან გამომდინარე სურათის გაუმჯობესებისთვის და ხელშესახები შედეგის  მიღებისთვის, საჭიროა  რომ მიმართვიანობამ 90%- ს  გადააჭარბოს“ - აღნიშნა გიორგი შიოლაშვილმა.