2022 წლის იანვარში ქართული იურიდიული დახმარების სამსახური გაერომ შეაფასა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო რეფორმატორი სამსახური, რომელმაც კარგი და სასარგებლო სიახლეების დანერგვა შეძლო. მთავარი სიახლე კი იურიდიული დახმარების სერვისებში ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური მოდელის დანერგვის იყო, რამაც თანამშრომლების დროის დაზოგვა, ბენეფიციარების დროული და კვალიფიციური მომსახურება განაპირობა.

იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებსა და პრაქტიკაზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად“, გადაცემის წამყვანმა და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ ისაუბრეს.

„იურიდიული დახმარების სამსახური და მისი რეფორმები, ბოლო 3-4 წელიწადში, მოექცა არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიოს თვალთახედვის არეალში და 2022 წლის იანვარში ქართული იურიდიული დახმარების სამსახური გაეროს მერ შეფასებული იქნა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში და რეფორმატორი სამსახური, რომელმაც შეძლო კარგი და სასარგებლო სიახლეების დანერგვა“, - აცხადებს დავით სიმონია.

საერთაშორისო საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საინტერესო ადვოკატთა შორის საქმის განაწილების პროცესში ხელოვნური ინტელექტის ჩართულობა იყო.

„საქმეთა განაწილების პროცესში ხელოვნური ინტელექტის მექანიზმი დავნერგეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი საქმის შემოსვლისას, საქმეში არ ერევა ადამიანის ხელი. იმ ასპექტებიდან გამომდინარე, რა სირთულის საქმეა, რა სტადიაზეა, რამდენი დასაცავი ბენეფიციარია, რა მუხლითაა აღძრული საქმე და ა.შ., პროგრამა ავტომატურად ამოწმებს ყველა დასაქმებული ადვოკატის რეალურ დატვირთულობას იმ მომენტში, ვის რა აქტივობა აქვს დაგეგმილი მომდევნო 3 დღეში, ერთ კვირაში, ერთ თვეში, ვინაა ნაკლებად დატვირთული და პროგრამა იმ ადვოკატს ირჩევს ავტომატურად, ვისაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, დრო, სპეციალობა და კონკრეტული საქმე ავტომატურად ეწერება. ის ფორმულა, რაზეც რამდენიმე თვე ვმუშაობდით და დღესაც ვმუშაობთ, რომ უფრო დაიხვეწოს, რამდენიმე სახელმწიფოს გადავეცით, რომ მათაც შეძლონ თავიანთ საქმისწარმოების სისტემაში სამსახურში დანერგვა“, - აცხადებს დავით სიმონია.

მისი თქმით, დატვირთულობის გამოანგარიშება ადვოკატის მიერ განსახორციელებელი საქმეების მიხედვით ხდება. ყველა ადვოკატი ვალდებულია, სისტემაში დაარეგისტრიროს ის აქტივობა, რასაც გეგმავს. ყველა საპროცესო მოქმედებას, რასაც ადვოკატი ახორციელებს აქვს თავისი დატვირთულობის კოეფიციენტი. „მოწმის გამოკითხვის დატვირთულობის კოეფიციენტი - 5-ია, იმისდა მიხედვით რა ტიპის საქმე შემოდის, ქურდობის საქმეზე იქნება დამატებითი კოეფიციენტი - 1.5 ქულა. თუ შემოდის მკვლელობის და გაუპატიურების საქმე, მოწმის გამოკითხვაზე დამატებითი კოეფიციენტი ხდება 2. ეს პროგრამა აჯამებს ადვოკატის დატვირთულობას, რა პროცესები გაქვს, რა აქტივობები და როცა ახალი საქმე შემოდის, პროგრამამ უკვე იცის რა საჭირო აქტივობებია საჭირო და ავტომატურად ირჩევს იმ ადვოკატს, რომელსაც აქვს შესაბამისი სპეციალიზაცია და რომელიც ნაკლები დატვირთულობა“ - განმარტავს დავით სიმონია.

იურიდიული დახმარების სამსახურში დანერგილი მეორე სიახლეც ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება,  რომელსაც ადვოკატები თავიანთი საქმიანობისას იყენებენ.

„ამ პროგრამას გერმანიაში ფართოდ იყენებენ იუსტიციის სამინისტროში, პარლამენტში და სასამართლოშიც. პროგრამა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ნებისმიერ სამართლებრივ საკითხებზე, ხელოვნურმა ინტელექტმა მიაწოდოს ინფორმაცია ბენეფიციარს. მას შემდეგ რაც ალგორითმი მიიღებს შესაბამის ინფორმაციას, ხელოვნური ინტელექტი რამდენიმე წამში გააანალიზებს მთელ საკანონმდებლო, ნორმატიულ მასალას, სასამართლოს საერთაშორისო პრაქტიკას და 2-3 წუთში მზადაა კონსულტაციის დოკუმენტი, რომელიც ძალიან მყარი და ჯეროვანია, სადაც არანაირი ხარვეზი გაპარული არ იქნება. ამავდროულად, ეს პროგრამა აგენერირებს სარჩელს, რაც ძალიან ეხმარება ადვოკატებს და კონსულტანტებს. იგივე დოკუმენტი, რის შედგენაშიც უნდა დაეხარჯათ 1 ან 2 დღე, ხელოვნური ინტელექტი რამდენიმე წუთში ამზადებს,“ - აცხადებს დავით სიმონია.

სამსახურს აქვს საკონსულტაციო მიმართულება და წარმომადგენლობა სასამართლოში. უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ სამსახურის ვებგვერდზე, ფეისბუქ გვერდზე, ცხელი ხაზის - 1485 და აპლიკაციის საშუალებით. როგორც დავით სიმონია ამბობს, ნებისმიერი მობილური ტელეფონითაა შესაძლებელი იურიდიული დახმარების აპლიკაციის გადმოწერა და აპლიკაციის დახმარებით მოქალაქეები შეძლებენ არა მხოლოდ სიახლეების გაგებას, არამედ 24 საათის განმავლობაში კონსულტანტებთან კავშირს.

შეგახსენებთ, რომ იურიდიული დახმარების სამსახური 2005 წელს ახალი რეფორმის ფარგლებში დაფუძნდა, რომლის მთავარო მიზანი საქართველოს მოქალაქეების და არა მხოლოდ მათი უფლებების სამართლებრივი ბერკეტებით უზრუნველყოფა და ინტერესების დაცვაა. ძირითადი ბენეფიციარები, რომლებსაც უფასო იურიდიული დახმარების სერვისებით სარგებლობა შეუძლია არიან: სოციალურად დაუცველი, შშმ პირები და ბავშვები, ნებისმიერი პირი 18 წლამდე.

რაც შეეხება სტატისტიკას ყოველწლიურად იურიდიული დახმარების სამსახური 13-დან 15 000-მდე სისხლის სამართლის საქმეს და 8-10 000 სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეს აწარმოებს, ამას ემატება 35 000-დან 45 000-მდე კონსულტაცია და ამ ყველაფერში 200 კვალიფიციური ადვოკატი მონაწილეობს.