ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი არ შეცვალა და კვლავ 8%-ზე დატოვა, ხოლო როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, შესაძლოა, მომავალი წლიდან განაკვეთი შემცირდეს, ვინაიდან არსებობს ინფლაციის შემცირების მოლოდინი.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება და მოლოდინები რადიო „კომერსანტის“ ეთერში ეკონომისტმა ირაკლი მურცხვალაძემ შეაფასა.
ეკონომისტი ნათია თურნავას არ ეთანხმება და პირიქით, ფიქრობს, რომ ინფლაციის გაზრდის სერიოზული მიზეზები არსებობს.
„ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს კატეგორიულად არ ვეთანხმები და აი, რატომ: პირველი - 2026 წლის დასაწყისიდანვე ძალაში შედის სიგარეტზე ახალი აქციზი, რაც მის გაძვირებას გამოიწვევს. სამწუხაროდ, რეალობაა, რომ სიგარეტი ჩვენი სამომხმარებლო კალათის საკმაოდ დიდ ნაწილს წარმოადგენს, რაც ფასებს ძალიან გაზრდის.
მეორე - სემეკის მხრიდან გაჟღერდა ინფორმაცია, რომ დიდი ალბათობით ახალი წლიდან გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადები გაიზრდება. ელექტროენერგიაზე ფასის ზრდა ნიშნავს იმას, რომ რასაც ელექტროენერგია სჭირდება, ყველაფერი აუცილებლად გაძვირდება.
ჩემი პირადი აზრია, რომ ეს ორი მიზეზი - სიგარეტისა და ელექტროენერგიის გაძვირება ინფლაციას გაზრდის. ბევრი ეკონომისტი სხვა აზრზე დგას და მიიჩნევს, რომ ინფლაცია შემცირდება იმიტომ, რომ ნავთობპროდუქტებზე ფასები მცირდება. როგორც მინიმუმ, დააბალანსებს ერთმანეთს, ყოველ შემთხვევაში, თუ არ გაძვირდა, ნამდვილად არ შემცირდება“, - აცხადებს ირაკლი მურცხვალაძე.