გეოგრაფიული აღნიშვნა „ჭაჭა“ „საქპატენტში“ 2011 წლის 13 დეკემბერს არის რეგისტრირებული. ­

„საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

ინფორმაციას ჭაჭის წარმომავლობის შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს.

ჭაჭის არაყზე ამბობენ, რომ ამ „მათრობელა სითხეს“ შეუძლია იდეალურად დაახასიათოს ქართველი კაცის ბუნება - „კახური ჭაჭა ზუსტად ისეთივე სასმელია, როგორიცაა ბუნებით კახელი გლეხი. ჭაჭა ნელა, თანდათანობით ათრობს ადამიანს და ისეთივე „დინჯია“, როგორც მისი გამომხდელი. მეგრული არაყი უცებ გათრობს და ნაბახუსევიდანაც მალევე გამოდიხარ. სვანური არაყი პირს წვავს და თუ გემო „თავიდანვე არ დაუჭირე“, ბოლოს შეიძლება თავბედი გაწყევლინოს. მთიულურმა არაყმა კი შეყოლა იცის და ბოლოს აღტყინებულ, პოეტურ ხასიათზე გაყენებს.“ - წერს ეთნოგრაფი ვალერი ზაზაშვილი. ამ ერთი ციტატიდანვე ვიგებთ, რომ ჭაჭა მთელ საქართველოში გავრცელებული სასმელია და მისი დაყენების მეთოდში მცირე განსხვავებამაც კი შეიძლება სასმელის ხასიათი შეცვალოს და ყველაზე მეტად პატრონის ბუნებას დაემსგავსოს.

არანაირი დოკუმენტი არ არსებობს იმის შესახებ, თუ როდის გაჩნდა ჭაჭის არაყი საქართველოში. სად ფიქსირდება მისი პირველი გამოხდა, მაგრამ არსებობს ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვი, რომელსაც ღვინომდე მივყავართ. „სადაც ღვინო იყო, იქ ჭაჭაც აუცილებლად იქნებოდა და თუკი საქართველო ღვინის აკვანია, ჭაჭის არაყიც ხომ ღვინის თანმდევია?!“ - ასეთი რიტორიკული შეკითხვა აქვს დასმული ალკოჰოლური სასმელების სპეციალისტს ბონდო კალანდაძეს, რომელსაც ჭაჭის წარმოშობის შესახებ უწერია წიგნში „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე“. შეკითხვა გვაქვს, თუმცა პასუხის გარეშე. ამავდროულად კი გვაქვს მეორე, სრულიად საპირისპირო მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც ჭაჭის არსებობა XVII-XVIII საუკუნიდან ჩნდება. ეთნოგრაფები ამ ვერსიას ამყარებენ სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონით“. წინა საუკუნეების არც ერთ დოკუმენტში თუ არ იძებნება სიტყვა „ჭაჭა“ ან „არაყი“, სულხან-საბა თავის ლექსიკონში უკვე აღნიშნავს, რომ „რახი ბერძნულია, არაყი არაბულია და იყი ქართულად ქვიან...“. აი, ზუსტად ეს ჩანაწერი აძლევს მეცნიერებს უფლებას ივარაუდონ, რომ ჭაჭა XVII-XVIII საუკუნიდან შემოდის ჩვენში.

გამოჩენისთანავე ისეთი პოპულარული ხდება მთელ საქართველოში, რომ სპირტიანი სასმელების მოყვარულებისთვის ის №1 სასმელია. რაც შეეხება მის როლს ტურიზმში, სიტყვა „ჭაჭა“ (უცხოელების გამოთქმით „ჩაჩა“) ალბათ ის მთავარი სასიგნალო დასახელებაა, რომელიც მთელ მსოფლიოში გვიკვალავს გზას. ყველა ადამიანი, ვისაც ეს სასმელი ერთხელ მაინც გაუსინჯავს და გაიგონებს სიტყვას „ჭაჭა“, უმალ მიხვდება, თუ რომელ ქვეყანაზეა საუბარი...

რეალურად კი ვსაუბრობთ გამჭვირვალე სითხეზე, რომელსაც არა მხოლოდ დამახასიათებელი, არამედ დაუვიწყარი, უნიკალური არომატი და გემო აქვს. თუ მისი ფერი უფეროდან მუქ ჩალისფრამდეა შეცვლილი, ეს ნიშნავს, რომ ჭაჭა დავარგებულია. დავარგება შესაძლებელია მოხდეს სხვადასხვა ზომის მუხის ან სხვა ხის ჭურჭელში, ასევე, ხის მერქანზე დაყოვნებით.

ქართული ჭაჭის არაყი დადუღებული ფორმით მიიღება. გამოწნეხილი ან გამოუწნეხავი ყურძნის ჭაჭის გამოხდით, პირდაპირ წყლის ორთქლით, ან წყლის დამატების შემდეგ. დასაშვებია ყურძნის ჭაჭაზე ღვინის ლექის დამატებაც. ასევე, შესაძლოა „ჭაჭის“ ექსტრაგირებით მიღებული სპირტ-წყალხსნარი გამოიხადოს ერთხელ ან ორჯერადად. საერთო ჯამში, ჭაჭის სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 40%-ზე ნაკლები.

სიზუსტისთვის უნდა ითქვას, რომ ჭაჭის წარმოებისთვის განკუთვნილი ყურძენი მოწეული უნდა იყოს საქართველოს მევენახეობის შემდეგ ზონებსა და ქვეზონებში გაშენებული ვენახებიდან: კახეთი, ქართლი, მესხეთი, იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი და აჭარა. შესაძლოა ჭაჭის გამოხდა, დავარგება და ჩამოსხმა მოხდეს მევენახეობის წარმოშობის ზონის გარეთ, მაგრამ მთავარია ეს პროცესი განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში.

გეოგრაფიული აღნიშვნა „ჭაჭა“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2011 წლის 13 დეკემბერს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#