მედიკამენტების ფასნამატზე სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მექანიზმი მოქმედებს. ჩვენ გვინდა გრძელვადიანი, სტაბილური შედეგი. ეს ყველაფერი მიღწევადია, მაგრამ ერთობლივი და ძალიან რთული სამუშაოა, - აცხადებს საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი მარგველაშვილი.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ირაკლი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ რეფერენტული ფასების მექანიზმმა, რომელიც მე-3 წელია, მოქმედებაშია, საკმაოდ პოზიტიური შედეგები გამოიღო. კერძოდ, მედიკამენტების ჯგუფზე, რომელზეც რეფერენტული ფასწარმოქმნის პროცედურა გავრცელდა, ფასები 30-40%-ით და ზოგზე, უფრო მეტით შემცირდა. ჯამში, რეფერენტული ფასები 7 ათასზე მეტ მედიკამენტზე გავრცელდა, სამომავლოდ კი სიის გაზრდა კვლავ იგეგმება.
„გარდა იმისა, რომ რეფერენტულ ფასწარმოქმნაზე ვსაუბრობთ, ძალაში შევიდა სხვა რეგულაციებიც. მათ შორის, ხარისხის კონტროლის გაუმჯობესება. მედიკამენტების ფასი, ისევე, როგორც სურსათის, გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაშია.
ბევრი დაშვებაა, რომელიც რეალობას განასხვავებს იმ ქვეყნების რეალობისგან, რომლებსაც ფასების მხრივ ვედრებით. ეს ყველაფერი ადაპტირებული უნდა იყოს ძალიან ფრთხილად და ლოგიკურად.
მედიკამენტების ფასნამატზე სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მექანიზმი მოქმედებს. ჩვენ გვინდა გრძელვადიანი, სტაბილური შედეგი. პირველ რიგში, მედიკამენტი ფიზიკურად უნდა გვქონდეს, უნდა იყოს არჩევანი და რა თქმა უნდა, უნდა იყოს ხარისხის კონტროლი და ფასი - ხელმისაწვდომი. ეს ყველაფერი მიღწევადია, მაგრამ ერთობლივი და ძალიან რთული სამუშაოა.
ფასები რომ უნდა შემცირდეს, ამას რა თქმა უნდა, ნაწილობრივ ვეთანხმები. გარკვეულ მედიკამენტებზე ფასები ჩვენთან შედარებით მაღალია, მაგრამ დიდ ნაწილზე ფასი შედარებით დაბალია“, - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.