გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტის „შავი ზღვის ჭკვიანი საზღვაო გარემოსდაცვითი შედეგების სისტემა" ფარგლებში, ქ. სტამბოლში იმყოფებოდნენ. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„აღნიშნულ პროექტს გარემოს ეროვნული სააგენტო თურქ და რუმინელ პარტნიორებთან ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტი მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონში არსებული მობილური სადგურებიდან და ბაზებიდან მონაცემების შეგროვებისა და გაზიარებისათვის საკომუნიკაციო სისტემის შექმნას.
ქ. სტამბოლში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა მონაცემების გაზიარების შესაძლებლობებზე, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზე, საზღვაო დრონების შეძენისა და გამოყენების საკითხებზე იმსჯელეს.
პროექტი ხელს შეუწყობს საზღვაო გარემოს ძირითადი პარამეტრების ტემპერატურის, მარილიანობის, ჟანგბადის დონის და ზღვის ფსკერის მახასიათებლების უწყვეტ მონიტორინგს, ასევე, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობას, მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების გამოვლენას და აღმოფხვრას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.