მიმდინარე წლის სექტემბრიდან გზებზე ხილული გამონაბოლქვის კონტროლი დაიწყო, შესაბამისი სტატისტიკაც  გარემოს დაცვის სამინისტრომაც გაავრცელა, სადაც დარღვევები ხელშესახებად გამოჩნდა.

რა მდგომარეობა გვაქვს ამ მიმართულებით თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ტექინსპექტირების  ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა ისაუბრა, მისი თქმით გზებზე კონტროლი და გზისპირა ინსპექტირება მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და მისი აქ შემოღება ძალიან დადებითი და კარგი ნაბიჯია, რადგან აუცილებელია, რომ ავტომობილების გამართულობის კონტროლი მუდმივ რეჟიმში  ხდებოდეს, რაც  იქნება იმის განმაპირობებელი ფაქტორი და სტიმული იმისა, რომ ავტომფლობელმა ავტომობილი ტექინსპექტირების ცენტრში მიიყვანოს. 

„როდესაც წელიწადში ერთხელ ხორციელდება ტექინსპექტირება, შემოწმებასა და  შემოწმებას შორის პერიოდიც საჭიროებს გარკვეულ მონიტორინგს აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ ეს ძალიან კარგი წამოწყებაა.  აღსანიშნავია, რომ ბოლო 20 დღეში 700 ჯარიმაა დაწერილი, შესაბამისად ეს ერთ-ერთი  განმაპირობებელი იქნება იმისა რომ ავტომფლობელს ავტომობილი  მწყობრში და გამართული ჰქონდეს.

ამ ეტაპზე მონიტორინგი 4 ქალაქში ხორციელდება, ესენია თბილისი,  ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი,  ყველაზე დიდ წილი მოდის თბილისზე, 700-იდან ჯარიმების ნახევარი თბილისშია გამოწერილი, ეს არის  საპილოტე პროექტი და მომავალში სხვა ქალაქებში განხორციელდება,“ - აღნიშნა გიორგი შიოლაშვილმა.

შიოლაშვილის თქმით საქართველოში არის ავტომობილების კატეგორია, რომელიც 20-ჯერ და მეტჯერ იყვნენ  დაჯარიმებული მას შემდეგ  რაც რეფორმა დაიწყო,  მისივე თქმით  ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ეს ავტომფლობელები ტექინსპექტირების ცენტრებში მას შემდეგ არ მისულან და მუდმივ რეჟიმში დაჯარიმებების  ხარჯზე გადაადგილდებოდნენ.

„კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, რომელიც ავალდებულებს ავტომფლობელებს,  რომ 30 დღეში  აღმოფხვრას ხარვეზი და  შემდეგ უკვე  ექნება 10-დღიანი პერიოდები , რაც შეამცირებს იმის საშუალებას, რომ ავტომფლობელები დახარვეზებული საბუთით გადაადგილდებოდნენ. თუ ჩვენ გვინდა, რომ მივიღოთ გამართული ავტოპარკი, ამისთვის საჭიროა, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების 90% მოხვდეს ტექინსპექტირების ქვეშ. დღეს ფაქტობრივად 50%-იც არ გვაქვს“ - აღნიშნა გიორგი შიოლაშვილმა.

შიოლაშვილის თქმით ტექინსპექტირების ცენტრების მიმართულებით გარკვეული სიახლეები იგეგმება, მისივე  თქმით უნდა დაინერგოს ცენტრების მონიტორინგის ახალი სისტემაც, რაც გულისხმობს ტექინსპექტირების ცენტრების სატრანსპორტო სააგენტოს მხრიდან მუდმივ მონიტორინგს რომელიც განხორციელდება როგორც ადგილზე  მისვლით ასევე ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის მეშვეობით. შიოლაშვილი ასევე აღნიშნავს რომ საავტომობილო  ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენელს შესაძლებლობა ექნება, რომ ტექინსპექტირების ცენტრებში მივიდნენ  გადაამოწმონ  შემოწმებული ავტომობილი და იმ შემთხვევაში  თუ თანხვედრა  არ იქნება  დაწესებულია სანქციები.

„საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად  ტექნიკური პერსონალის მიმართ საკმაოდ მკაცრი მოთხოვნებია დადგენილი,თუმცა გამოწვევად რჩება  ის საკითხი, რომ ფინანსური პრობლემების გამო ძალიან მაღალია პროფესიონალი კადრების გადინება, აქედან გამომდინარე გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი იმ მიმართულებით, რომ ტექინსპექტირების ცენტრმა  შეძლოს  ადეკვატური ანაზღაურების გაცემა პერსონალისთვის“ - აღნიშნა  გიორგი შიოლაშვილმა. 

რაც ეხება გარკვეული  წლოვანების  ავტომობილებზე იმპორტის  შეზღუდვას, გიორგი შიოლაშვილი აღნიშნავს, რომ ეს  მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკაა და  საბოლოო  ჯამში  ავტოპარკის განახლებას და დახარვეზებული ავტომობილების  შემცირებას უკავშირდება.