აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ დაამტკიცა შვედური კომპანიის Flow Neuroscience-ის მიერ წარმოებული, სახლის პირობებში გამოსაყენებელი მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაცაა დეპრესიის მკურნალობა ტვინის სტიმულაციის გზით. როგორც Reuters-ი წერს, მოწყობილობა ტიპიური ანტიდეპრესანტების ალტერნატივას წარმოადგენს.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მონაცემებით, აშშ-ში დეპრესიის მაჩვენებელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში 60%-ით გაიზარდა და ის ამ ეტაპზე 20 მილიონზე მეტ ზრდასრულ ადამიანს აწუხებს.

მოწყობილობა უსუსტეს ლექტრულ სიგნალებს აწვდის ტვინის იმ ნაწილს, რომელიც განწყობას არეგულირებს.  ის შექმნილია სახლში, დისტანციური მეთვალყურეობის ქვეშ გამოსაყენებლად. ეს არის პირველი მსგავსი მოწყობილობა, რომელიც აშშ-ში დამტკიცდა.

ტექნოლოგია განკუთვნილია 18 წლის და უფროსი ასაკის მოზრდილებში საშუალო და მძიმე დეპრესიული აშლილობების სამკურნალოდ, როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა მეთოდებთან ერთად.

Flow მოწყობილობის აშშ-ს ბაზარზე გამოტანას 2026 წლის მეორე კვარტალში გეგმავს, როგორც მხოლოდ რეცეპტით გასაცემ საშუალებას.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ერინ ლიმ Reuters-ს განუცხადა, რომ აშშ-ში პროდუქცტის საცალო ფასი 500-დან 800 დოლარამდე დიაპაზონში იმერყევებს. „ფლოუ“ მოლაპარაკებებს  სადაზღვევო კომპანიებთანაც აწარმოებს ამ მოწყობილობის ღირებულების დაფარვის მიზნით.

„ფლოუს“ თქმით, მოწყობილობას ევროპაში, დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიასა და ჰონგ-კონგში უკვე 55 000-ზე მეტი ადამიანი იყენებს.

ევროპაში ეს პროდუქცია 450 –550 ევროს ფარგლებში ღირს.

FDA-ს გადაწყვეტილება დაფუძნებული იყო საშუალო სტადიის კვლევაზე, რომლის დროსაც პაციენტების 58%-მა 10 კვირის შემდეგ რემისიას მიაღწია, მათ შორის ბევრმა, ვინც უკვე იღებდა მედიკამენტებს ან თერაპიას. კომპანიის თქმით, გლობალურ მომხმარებლებს შორის 77%-მა სიმპტომების გაუმჯობესება სამ კვირაში აღნიშნა.

პაციენტები, როგორც წესი, 12-კვირიან კურსს იტარებენ, რომელიც იწყება კვირაში ხუთი სესიით სამი კვირის განმავლობაში, შემდეგ კი მცირდება ორ ან სამ სესიამდე კვირაში, დარჩენილი ცხრა კვირის განმავლობაში. თითოეული სესია 30 წუთი გრძელდება.

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, ისინი, როგორც წესი, მსუბუქი და დროებითია, მათ შორის კანის გაღიზიანება, თავის ტკივილი და ჩხვლეტის შეგრძნება ელექტროდების ადგილებში.