„ტერმინი „განათლების დეფორმა“ აიტაცა საზოგადოებამ, თუმცა, კაცმა რომ თქვას, ეს მოფერებით ნათქვამია, რეალურად ეს არის საკმაოდ კარგად გათვლილი მავნებლობა, რომელიც თუ გაგრძელდა, რაღაც დროის მანძილზე გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ჩვენი განათლების სისტემას“, – ამბობს პროფესორი ლევან გორდეზიანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე, გააერთიანოს ორი ძველი ქართული უნივერსიტეტი – თსუ [ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი] და სტუ [საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, „გეპეი“].
ეს განცხადება ლევან გორდეზიანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, სოფო ზურაბიანის საავტორო გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ სტუმრობისას გააკეთა, სადაც პროფესორი დღეს, 29 იანვარს, უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ სასაუბროდ იყო მიწვეული.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის „ოცნების“ მიერ დაანონსებული რეფორმის მთავარი მიზანი, რომლის ერთი კომპონენტი ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასაც მოიცავს, ლევან გორდეზიანი პასუხობს, რომ კონტროლთან ერთად, გადაწყვეტილება შეიცავს კორუფციის ნიშნებს.
„კონტროლი არის მთავარი მიზანი, რასაკვირველია. კონტროლის გვერდით ეს არის პირდაპირი ფინანსური ხეირი, როგორც, სავარაუდოდ, სახელმწიფოსთვის, ასევე, გინდა პოლიტიკური, გინდა პირადი კორუფციისთვის გამზადებული არხებია, იგრძნობა. კარგს არაფერს უნდა ველოდოთ, თუ ეს განხორციელდა,“ – ამბობს ლევან გორდეზიანი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი ამბობს, რომ აუცილებელია საუნივერსიტეტო სფერომ, მედგარი, მაგრამ მშვიდობიანი წინააღმდეგობა გაუწიოს დაგეგმილ რეფორმას.
„პრინციპული პოზიციაა, წინააღმდეგობა, ცხადია მშვიდობიანი, მაგრამ მედგარი და ინფორმირება საზოგადოების ამ ხიფათთან დაკავშირებით.
თავისთავად, საკმაოდ პრობლემურია მიდგომა „ქართული ოცნების“ ამ საკითხების მიმართ, იმიტომ, რომ როგორც ყველაფერში ჩანს, მათ შორის, აი, ამ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხშიც, აღქმა არის ისეთი, რომ მთელი ქვეყანა, ეს უნივერსიტეტია თუ მოსახლეობა, სტუდენტია თუ პროფესორია, ეს არის გარკვეული აქტივი პატრონის და გამოიყენებს ისე, როგორც უნდა.
ეს შეურაცხმყოფელია, რასაკვირველია…
დღეს ადამიანი არ არის საკუთრება ხელისუფლების. პირიქით, ქვეყანა არის ადამიანის და განათლების სისტემაც უკვე, კარგა ხანია, ნუ ყოველ შემთხვევაში რასაც ჩვენ შევესწარით, იგულისხმება, რომ ემსახურება ადამიანის მაქსიმალურ თვითრეალიზაციას, მისი ნიჭის, უნარის განვითარებას, მისი ინტერესების დაკმაყოფილებას და დიდი ხანია კაცობრიობა მიხვდა, რომ თუ ადამიანი გააკეთებს იმას, რაც შეუძლია, რაც ხელეწიფება, რაც უხარია, მისგან მოგება იქნება ბევრად უფრო მეტი.
არსებითად ეს ცვლილებები ამას უპირისპირდება და გვეუბნებიან – „თქვენ არ იცით რა უნდა გააკეთოთ, თქვენ რომ ქვეყანას გამოადგეთ, ჩვენ დაგასაქმებთ“.
ეს არის ერთგვარად ისეთი პრიმიტიული, არასწორად გაგებული, აი, რაც საბჭოთა კავშირში იყო, ოღონდ ის უფრო გააზრებულად და გათვლილად ფუნქციონირებდა. კარგი იყო – როგორ ვთქვათ, სრულებით არ მენატრება ის დრო, მაგრამ რაღაც კონტექსტში გამართლებული იყო თუნდაც იდეოლოგიურიდან გამომდინარე.
დღეს ეს არის სრულიად წარმოუდგენელი, სრულიად კონტრპროდუქტიული, შედეგი რაც შეიძლება იყოს – ახალგაზრდა იყოს უფრო გაუნათლებელი, ნაკლებად კვალიფიცირებული, უფრო თვინიერი და მორჩილი და მორჩა, კაცმა რომ თქვას.
ეს არავითარ ხეირს არ მოუტანს არც ადამიანს, არც ქვეყანას და რაც შეეხება ტოტალური კონტროლის მოსურნეებს, აქაც ისტორია გვეუბნება, რომ ეს მოხერხებადი არ არის.
რაღაც მოკლე დროის მანძილზე შეიძლება ეს ილუზია შეიქმნას, რომ რასაც ბრძანებ იმას გისრულებს გარემოცვა, მაგრამ ეს ყოველთვის მთავრდება სხვანაირად.
ასე რომ, პერსპექტივასაც მე აქ ვერ ვხედავ, უბრალოდ ხიფათი არის, რომ შეიძლება ძალიან ბევრი რამე გაფუჭდეს, რისი გამოსწორებაც მერე იქნება საკმაოდ ძნელი და ხანგრძლივ შრომას მოითხოვს ეს გზა, რომელიც ასე თუ ისე გავიარეთ 35 წლის მანძილზე და საკმაოდ ახლოს მივედით, რასაც შორიდან მიზნად ვისახავდით იქამდე, თორემ გასაგებია, რომ პროცესი გრძელდება… ძალიან მტკივნეული იქნება ახლა აქედან იმ უფსკრულში გადავეშვათ ისევ,“ – თქვა ლევან გორდეზიანმა.
ლევან გორდეზიანი აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ განათლების რეფორმის იმ კომპონენტს, რომელიც სკოლაში 12 წლიანი სწავლების შემცირებას ითვალისწინებს, ასევე, უნივერსიტეტებში ბაკალავრიატის 4 წლიდან 3 წლამდე ჩამოყვანას.
„ჩვენთან საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ განათლების შედეგი არის დიპლომი და ძირითადი მიზანი. ის, რომ რეალურად ცოდნა და დიპლომი არის უბრალოდ ქვითარი იმისა, რომ შენ ეს ცოდნა ნამდვილად მიიღე, არ არის ისე ფართოდ გავრცელებული. ამას ძალიან კარგად ეხმიანება შეთავაზება – „რა გინდათ, სკოლას დაგამთავრებინებ ერთი წლით ადრე, უნივერსიტეტის თითო საფეხურსაც თითო წელს გავკრეჭ, დიპლომი გინდა? მიიღებ უფრო სწრაფად. მეტი რა გინდა?“ – ამიტომ, საზოგადოების ნაწილისთვის ეს არ იყო მიუღებელი.
მეორე ინიციატივა – უფასო სწავლა. რას ნიშნავს უფასო სწავლა? ევროპაში სადაც ზოგ ქვეყანაში მართლა არის უფასო სწავლა, იგულისხმება, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა მსურველისთვის უფასო უმაღლეს განათლებას.
ახალგაზრდას არჩევანი უნდა ჰქონდეს, სადაც უნდა იქ წავიდეს, ისწავლოს და ის დაფინანსება მთავრდება, მაშინ როდესაც ჩაითვლება, რომ ამ კაცმა თავის მიზანს მიაღწია. ეს სრულიად სხვა რამეა.
დღეს ჩვენ რაც გვაქვს, ეს არის ერთგვარად გამარტივებული ისეთი სქემატური საბჭოთა პერიოდის, როდესაც სახელმწიფო სერიოზული კონკურსის და გადარჩევის შედეგად გიყვანდა სამსახურში, გამზადებდა ამ სამსახურისთვის და შემდეგ, პრინციპში, თუ ის არ გინდოდა რაც მისჯილი გქონდა, იქ კიდევ ცალკე გქონდა საჩალიჩო იმას ჩახსნოდი და რაღაც უკეთესი გეშოვა. რამდენად შესატყვისია ეს დღევანდელი ვითარების, შეგიძლიათ თავად განსაჯოთ.
გარდა ამისა, მოხდა საოცარი გარღვევა რა თვალსაზრისით – ახლა მთელ მსოფლიოში, მარტო ჩვენთან არა, გაიზარდა რაოდენობა ახალგაზრდების, ვისაც უნდა უმაღლესი განათლების მიღება. რატომ? ეს არ არის მოდა. ეს არის საჭიროება, რაც ცხოვრებამ მოიტანა, რომ დღევანდელ, სწრაფად ცვალებად, გართულებულ ცხოვრებაში სწავლა აღარ არის რაღაც პრაქტიკული ცოდნა რომელიღაც ერთ დარგში, ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, როდესაც შენ ემზადები, რომ ამ სწრაფად ცვალებად ცხოვრებას გაუმკლავდე შენ თვითონ.
წარმოუდგენელია, რომ ხელისუფლებამ დაგვიგეგმოს ჩვენ ხუთი წლის მერე რა სპეციალობები იქნება, რა არ იქნება… ბაზარი ხომ არ არის ჩაკეტილი, ჩვენ ხომ არ ვზრუნავთ იმაზე, რომ ეს ბატონის მამული იყოს, რომელსაც შემოვღობავთ და… ყმას ზოგს თოხს დავაჭერინებთ ხელში და ზოგს ბატის ფრთას, რომ ბატონს მოემსახუროს?!
და მსოფლიოში რა პროცესები მიდის… ახლა არის რამე შანსი, რომ დღეს ეს განვსაზღვროთ? ჩვენ შეგვიძლია მივცეთ რაღაც საბაზისო განათლება ამა თუ იმ დარგში, მაგრამ ამის გვერდით მივცეთ ფართო თვალსაწიერი, დავეხმაროთ, რომ აზროვნება, დამოუკიდებელი აზროვნება, კრიტიკული აზროვნება განივითაროს.
ამისთვის იყო ის 12 კლასიც სკოლაში საჭირო, რომ გარკვეულ ეტაპამდე, როცა გაცნობიერებულ არჩევანს გააკეთებს კაცი, იმ დრომდე მიიღოს გარკვეული სასტარტო ცოდნა, ხოლო უმაღლესშიც, ასევე, ამ საფეხურების მიხედვით ასე გვქონდა დათვლილი,“- თქვა ლევან გორდეზიანმა.