საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 1 581 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერების (Pregabalin) შემცველი მედიკამენტის საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„საბაჟო კონტროლის ფარგლებში, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, სხეულზე მალულად განთავსებული, სამ შეკვრად დაფასოებული აკრძალული მედიკამენტები აღმოაჩინეს.

გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლების შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.