პირდაპირი შანტაჟია ეროვნული ბანკის მიმართ, რომ ისეთი რეგულაციები მიიღოს, რომელსაც პრეზიდენტი საჭიროდ ჩათვლის, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი დაემუქრა ეროვნულ ბანკს, რომ თუკი ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საქართველოს პრეზიდენტის სურვილს არ მოარგებდა მის რეგულაციას, ეროვნული ბანკის საბჭოს უფუნქციოდ აქცევდა.

„სამწუხაროდ, ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტისგან და მისი ადმინისტრაციისგან, კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად დიდია ის უპატივცემულობა, რომელსაც პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია იჩენს ქართველი ხალხის და მის მიერ დაწესებული წესების მიმართ. უპირველეს ყოვლისა, გუშინ და დღეს ვნახეთ ზეწოლა ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე, მათ შორის ვნახეთ პრეზიდენტი, რომელიც მოუწოდებდა ეროვნულ ბანკის პრეზიდენტს, რომ გადამდგარიყო. ვნახეთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თქვა, პრეზიდენტი არ წარუდგენს პარლამენტს კანდიდატებს მანამ, სანამ მისი შეხედულებით არ იქნება გამოცემული ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგულაციები. ეს არის პირდაპირი შანტაჟი ეროვნული ბანკის მიმართ, რომ მან ისეთი რეგულაციები მიიღოს, რომელსაც პრეზიდენტი საჭიროდ ჩათვლის. რაც მოვისმინეთ, ეს იყო მუქარა, რომ პრეზიდენტი ეროვნულ ბანკს უფუნქციოს გახდიდა. იმ პირობებში, როდესაც ეროვნული ბანკის საბჭოში 3 წევრი გადადგა, იქმნებოდა სწორედ იმის საფრთხე, რომ შეიძლება საბჭოს წევრების რაოდენობა დასაშვებ მინიმუმზე ქვემოთ ჩამოსულიყო და საფრთხე შეჰქმნოდა მის ფუნქციონირებას, პრეზიდენტი პირიქით დაემუქრა ეროვნულ ბანკს, რომ თუკი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის სურვილს არ მოარგებდა მის რეგულაციას, ის ეროვნული ბანკის საბჭოს უფუნქციოდ აქცევდა. ეს არის პირდაპირ ჩარევა კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს საქმიანობაში და პირდაპირი ზეწოლა შანტაჟის სახით, რაც გამაოგნებელია იმ ვითარების ფონზე, რაც ჩვენ ამ დღეებში ვიხილეთ. მეორე მხრივ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მიმართ საქართველოს პრეზიდენტის უპატივცემულობას, რაც ძალიან მძიმეა. ეს არ არის უბრალოდ კონსტიტუციის ნორმების უგულებელყოფა, ეს არის პოზიცია, რომელიც ამბობს შემდეგს, რომ პრეზიდენტს არაფრად მიაჩნია ხალხის მიერ დაწესებული წესები, ის თავად აწესებს წესებს და ისე მოქმედებს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.