სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ციფრული ჯანდაცვის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.
როგორც გარდაცვლილთა მონაცემების E-prescription-ის სისტემებთან შედარებით იდენტიფიცირდა, 38 ექიმის მიერ განხორციელდა სამედიცინო პრეპარატების გამოწერა გარდაცვლილი პაციენტებისათვის.
აღმოჩნდა, რომ 2021-2024 წლებში, გარდაცვლილ 56 პაციენტზე გაიცა მედიკამენტი. მათ შორის, უმეტესობა იყო პირველი ჯგუფის რეცეპტს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი.
როგორც აუდიტი წერს, სისტემაში დაბალია როგორც სამედიცინო დაწესებულებების და ექიმების ჩართულობა, ისე პაციენტების შესახებ ასახული ინფორმაცია და ასევე ელექტრონული რეცეპტით გაცემული მედიკამენტების რაოდენობა.
"სისტემაში ძირითადად არ არიან ჩართულნი მაღალი რისკის შემცველი საქმიანობის დაწესებულებების 57%, სტაციონარების მხოლოდ 4% და აფთიაქების 32% არ არის ჩართული ელექტრონული რეცეპტების სისტემაში. 2023 წლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით არსებული 16,575 პროფესიულად აქტიური ექიმიდან 24% (3,904 ექიმი) არ არის ჩართული და არ იყენებს აღნიშნულ სისტემებს," - წერია აუდიტორულ დასკვნაში.
დოკუმენტის მიხედვით, 150 გამოკითხული მოქალაქიდან უმეტესება მიუთითებს, რომ სმენია ელექტრონული რეცეპტების შესახებ, მაგრამ ასევე 96 აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ შეუძენია მედიკამენტი ამ სისტემის საშუალებით.
აქვე აღნიშნულია, რომ ქვეყნის მასშტაბით გაიცა 498,739,288 ერთეული რეცეპტს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი. აქედან 67% (334,677,438 ერთეული) ელექტრონული რეცეპტის გარეშეა გაცემული.
ცნობისთვის, საქართველოში ელექტრონული რეცეპტების (E-prescription) დანერგვა 2016 წლიდან დაიწყო, ხოლო 2019 წლიდან ქვეყანაში მუშაობს ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემა (EHR).
ყველა სტაციონარული/ამბულატორიული დაწესებულება ვალდებულია პაციენტის ვიზიტის სამედიცინო შემთხვევის შესახებ ასახოს ინფორმაცია სისტემაში, ხოლო ყველა დანიშნული, რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტი, გამოწეროს ელექტრონული რეცეპტით. ყველა აფთიაქი ვალდებულია, რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტი გასცეს მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის საფუძველზე.