რა გამოწვევები და შესაძლებლობები არსებობს საქართველოში მეწარმე ქალებისთვის - აღნიშნულ თემას მიეძღვნა იდა ბახტურიძის საავტორო გადაცემა „ქალი ქართულ ეკონომიკაში“, რომელიც ყოველ ოთხშაბათს „რადიო კომერსანტის“ ეთერში გადის.
იდა ბახტურიძემ თემასთან დაკავშირებით სტატისტიკურ მონაცემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგისტრირებული საწარმოების მხოლოდ 29% ეკუთვნით ქალებს. მთავარ მიზეზად ქალები კაპიტალის არარსებობას ასახელებენ, რისი ერთ-ერთი განმაპირობებელია ის, რომ მემკვიდრეობას ქალები ნაკლებად იღებენ. ასევე მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება სამეწარმეო და ოჯახური საქმიანობის შეთავსების სიძნელეც.
გადაცემაში მიწვეულმა ქალმა მეწარმეებმა, რომლებიც სარეკლამო სფეროს წარმოადგენდნენ, საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს.
კომპანია „ზოლის“ დამფუძნებლის ქეთო პატარქალიშვილის თქმით, საწარმო მან 3 წლის წინ, პანდემიის დაწყებისას დააფუძნა. კომპანიას აქვს სრული სარეკლამო მომსახურება და მასში დასაქმებულია 7 ადამიანი.
კომპანია „ქეისის“ დამფუძნებლის ქეთი ხვედელიძის განცხადებით კი, კომპანია უკვე 6 წელია არსებობს და მასში ძირითადად 10 ადამიანი მუშაობს, თუმცა თანამშრომლობენ სხვა პირებთანაც.
რაც შეეხება გამოწვევებს, სარეკლამო კომპანიების დამფუძნებელი ქალების თქმით, არსებობს გარკვეული სეგმენტი, ვისთვისაც ქალი, რომელიც ტექნიკურ სამუშაოს ასრულებს, ან ხელმძღვანელობს, გარკვეულ უნდობლობას იწვევს. თუმცა საბოლოოდ მიღწეული შედეგი ამ უნდობლობას აქარწყლებს.
რამდენად დაბალანსებულია გენდერულად ქალების დაფუძნებული კომპანიები. როგორც კომპანია ზოლის დამფუძნებელი ქეთო პატარქალიშვილი ამბობს, ამ ეტაპზე კაცებისა და ქალების შეფარდება მის კომპანიაში 80/20-ზეა.
„მე მაქვს ოცნება რომ 50/50-ზე იყოს ან 80/20-ზე ქალების სასარგებლოდ. აღქმულია, რომ ქალი ვერ იმუშავებს ელექტროშედუღებაზე, რაც აბსურდია. შესაძლებელია ჩვეულებრივად, რომ ქალმა იმუშაოს, თუ შესაძლებლობა ექნება რომ ისწავლოს,“- განაცხადა ქეთო პატარქალიშვილმა.
თითქმის სრულად მამაკაცებითაა დაკომპლექტებული კომპანია „ქეისი“. როგორც მისი დირექტორი ქეთი ხვედელიძე ამბობს, კომპანიიდან თანამშრომლების წასვლის მიზეზი ხშირად გამხდარა არასწორი აღქმა და დირექტორი ქალის კომპლექსი.
„ვფიქრობ რომ ბალანსი უფრო მეტ კომფორტს შემოიტანს. კომპანიაში დასაქმებული მამაკაცები ხშირად იცვლებიან, ერთ-ერთი მიზეზი არის არასწორი დამოკიდებულების ქონა. დირექტორი ქალის კომპლექსი არსებობს.“- აღნიშნა ქეთი ხვედელიძემ.
როგორც გადაცემის სტუმრების მხრიდან იყო ნათქვამი, მათ სახელმწიფო პროგრამებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა იციან, რომ არსებობს ამ მიმართულებით ევროკავშირის პროგრამები, რომლითაც თავად ჯერჯერობით არ უსარგებლიათ.
შესაძლებლობებზე საუბრისას „ზოლის“ და „ქეისის“ დამფუძნებლები ამბობენ, რომ სარეკლამო სფეროში არსებობს ქალების მხრიდან აუთვისებელი სფეროები და ამ მიმართულებებით მათი დაინტერესებაც და გადამზადებაც ქალების პროფესიულ და ფინანსურ წარმატებას უზრუნველყოფს. ქეთი ხვედელიძის თქმით, კომპანია „ქეისს“ აქვს შესაბამისი ბაზა და სურვილი, რომ ამ მიმართულებით ქალები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები გადაამზადოს.
გადაცემის წამყვანისა და კომპანიის ხელმძღვანელი ქალების შეფასებით, მეწარმე ქალების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან მხარდამჭერი პროგრამები და მეტი ლოიალურობა ბანკების მხრიდან.