რეგიონებში დიდთოვლობით დაზარალებულებს ხეტყით მთავრობა უსასყიდლოდ უზრუნველყოფს. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ 17 მარტს გამოსცა.
განკარგულების მიხედვით, მერქნული რესურსის დამზადება და ტრანსპორტირება ეროვნულმა სატყეო სააგენტომ საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს.
ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით, ეროვნულ სატყეო სააგენტოს უფლება მიეცა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, მოთხოვნის შესაბამისად, მის მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებიდან და საქმიანი ეზოებიდან უსასყიდლოდ მიაწოდოს სახელმწიფო ტყეში არსებული ძირნაყარი ხეტყე, ასევე მერქნული რესურსები საქმიანი ეზოებიდან (საორიენტაციოდ 2 000 კბ/მ).
ცნობისთვის, მთავრობის განკარგულებით, გურიის რეგიონს სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების ასანაზღაურებლად სარეზერვო ფონდიდან 2 569 048 ლარი გამოეყო.
თანხა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტზე განაწილდება, კერძოდ:
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – 1 228 062 ლარი გამოეყოფა;
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს – 794 968 ლარი;
- ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს – 546 018 ლარი.
შეგახსენებთ, თებერვალში გურიაში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. მოსახლეობის ნაწილი გარე სამყაროს იყო მოწყვეტილი, არ იყო გზა, ასევე შუქი და გაზი. ზოგიერთ ოჯახს სახლი დაენგრა. მოსახლეობის დასახმარებლად თბილიდან და სხვა რეგიონებიდან გურიაში მოხალისეები ჩავიდნენ, რომლებიც მოსახლეობას მედიკამენტებითა და საკვებით ეხმარებოდნენ. შეიქმნა სპეციალური ფონდებიც. შსს-ს ცნობით, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი დანაყოფი, სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყო ტექნიკა, ასევე თავდაცვის ძალები.