დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნებული დადებითი ტენდენცია შეიცვალა და საქართველოში უმუშევრობა გაიზარდა. 2025 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სხვაობამ 0.7% შეადგინა და მაჩვენებელი 14.7% გახდა. რამ შეცვალა პოზიტიური სურათი და რა იქნება მომავალში?
სტატისტიკის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის პირველ სამ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხვი 5.3 ათასი კაცით (0.6%) გაიზარდა და 958.3 ათასს მიაღწია. ამავე პერიოდში თვითდასაქმებულთა რაოდენობა 13.5 ათასით (3.0%) შემცირდა და 434.7 ათასი შეადგინა. შედეგად, უმუშევართა რიცხვი 10.8 ათასით (4.7%) გაიზარდა და 239.4 ათასს შეადგინა.
2025 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.8 პროცენტით განისაზღვრა. დასაქმების დონემ კი 0.5 პროცენტული პუნქტით იკლო და 46.8 პროცენტი შეადგინა.
რეგიონულ ჭრილში, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე როგორც ქალაქის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა. დასაქმების დონე ქალაქებში 1.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო სოფლებში 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად 47.8 პროცენტს და 45.3 პროცენტს შეადგენს.
2025 წლის I კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 68.8 პროცენტი შეადგინა. ამასთან, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში 1.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
2025 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე ქალებში - 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
ეკონომისტი პაატა ბაირახტარი არ გამორიცხავს, რომ მომავალშიც ასეთივე ტენდენცია შენარჩუნდეს.
"საერთოდ, მსგავსი მცირე ცვლილებები ძალიან ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული, თუმცა ვშიშობ, რომ ჩვენს შემთხვევაში სიტუაცია გაცილებით უფრო ფუნდამენტურია. რიგი მაკროეკონომიკური მაჩვენებელები პერმანენტულად უარესდება. ეს არის ის მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ახალი ბინზესისა და სამუშაო ადგილების შექმნასთან.
რაც შეეხება მომავალს, შეუძლებელია, რომ ეს პარამეტრები შემდგომში უმუშევრობის ზრდაში არ აისახოს. აქედან გამომდინარე, მე ვვარაუდობ, რომ ტენდენცია გაგრძელდეება და მართალია, ამ ეტაპზე გვაქვს მიზერული სხვაობა, თუმცა რა გამოვრიცხავ, რომ სამომავლოდ უმუშევრობის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდოს”, - განუცხადა "რეზონანსს” ეკონომისტმა.
2024 წლის შემოდგომის დასაწყისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა 2030 წლისთვის შეძლებს უმუშევრობისა და სიღარიბის დონის განულებას, თუმცა პაატა ბაირახტარის განცხადებით, "უმუშევრობის განულება ბუნებაში არ არსებობს”.
"რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ. უმუშვერობის განულება ბუნებაში არ არსებობს. ვიცნობ ტერმინს აბსოლუტური დასაქმება ეკონომიკაში, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ პროცენტულ მაჩვენებელში გამოისახება და, ძირითადად, ის მერყეობს 2-დან 5%-მდე. თუ ქვეყანას აქვს 2-დან 5%-მდე უმუშევრობის მაჩვენებელი, მაშინ იქ არის აბსოლუტური დასაქმება, მაგრამ ის, რომ უმუშევრობის დონე განულდეს, ასეთი რამ ეკონომიკაში არ არსებობს”, - დასძინა "რეზონანსთან” ბაირახტარმა.
დადებითი ტენდენცია 2025 წლის დასაწყისშივე შეიცვალა, რაც სხვადასხვა მიზეზით აიხსნება, როგორც ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი მაკალათიამ აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკა ნელი ტემპით ვითარდება, რაც პირდაპირ კავშირშია დასაქმების მაჩვენებელთან.
"დღემდე გვაქვს არასტაბულური პოლიტიკური მდგომარეობა და მიმდინარეობს აქციები, რაც რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ამიტომ ეკონომიკა ნელი და არასასურველი ტემპით ვითარდება და შესაბამისად, ეს პირდაპირ კავშირში არის დასაქმების მაჩვენებელთან.
უნდა ვთქვათ ისიც, რომ 2024 წელს 2023 წელთან შედარებით უმუშვერობა შემცირდა, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი კი გაიზრდა. წინა წლებში კი, როდესაც უმუშევრობა მცირდებოდა, ეს ხდებოდა იმიტომ, რომ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა იკლებდა ქვეყანაში. ასევე, ვიცით, რომ მთავრობაც სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა შექმნა და შესაბამისად, დასაქმდნენ ადამიანები, რამაც გამოიწვია მონაცემებში ცვლილება.
როდესაც უმუშევრობა ითვლება, აქ არ იგულისხმება მთლიანი მოსახლოების წილი, არამედ ესაა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, რომლებიც დასაქმებულნი არიან და ის უმუშევრები, რომლებიც ეძებენ სამსახურს. ეკონომიკურად აქტიურად ითვლება 15 წლის და უფროსი ასაკის ადამიანი, რომელიც არის დასაქმებული და რომელიც არის უმუშევარი და ეძებს სამსახურს.
ყველა პოლიტიკოსი და მთავრობის წევრი ამაზე აპელირებს, როდესაც დაინახევენ პოზიტიურ მაჩვენებელს. პოლიტიკური ამბავია და გასაგებია, რატომაც ხედავენ ასეთ პერსპექტივას. რაღაც დონზე შესაძლეეელია მექანიკურად დავიდეს უმუშევრობის მაჩვენებელი, მაგალითად, სიტყვაზე კიდევ უფრო მეტი სოციალურად დაუცველი დასაქმდეს, მაგრამ რეალურად ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად ხომ არ შეიცვლება?!” - განუცხადა 'რეზონანსს” ირაკლი მაკალათიამ და დასძინა, რომ დღევანდელი უმუშევრობის დონე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია თავისი ეკონომიკური შინაარსიდან გამომდინარე.