საქართველო, უკვე მეჩვიდმეტედ, აქციას "დედამიწის საათი" შეუერთდება. ეს არის მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქცია, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, აქციას სახელმწიფო უწყებები შეუერთდებიან და შუქი ჩაქრება ადმინისტრაციულ შენობებში. ასევე, შუქი გამოირთვება რიყის პარკის ტერიტორიაზე, მშვიდობის ხიდზე, ნარიყალას ციხე-სიმაგრეზე, თბილისის სატელევიზიო ანძაზე.

„22 მარტს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი დღე -„დედამიწის საათი“ აღინიშნება. საქართველო უკვე მეჩვიდმეტედ უერთდება აქციას, რომლის ფარგლებშიც ერთი საათით უარს ვამბობთ ელექტროენერგიის გამოყენებაზე. ეს სიმბოლური აქტი მიზნად ისახავს იმ რეალობის შეხსენებას, რომ პლანეტა, ჩვენი გარესამყარო სულ უფრო მეტად ზიანდება ჩვენი ყოველდღიური ზეგავლენით. ეს ზეგავლენა არის ერთ-ერი მიზეზიც გლობალური კლიმატური ცვლილების, რომელთანაც გამკლავებისთვის საზოგადოების გაერთიანებას, ცნობიერების ამაღლებას და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. დაცული გარემო ჩვენი უსაფრთხო მომავლის პირობაა. „დედამიწის საათი” მილიონობით ადამიანს სწორედ ამ  იდეის გარშემო აერთიანებს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.