საქართველოში გაცემული მართვის მოწმობების რაოდენობა გაიზარდა. ბოლო 1 წელში, ქვეყანაში მანქანის მართვის უფლება, თითქმის, 30 ათასმა ადამიანმა მოიპოვა, რაც გასულ წელთან შედარებით, გაზრდილი მონაცემია. უფრო კონკრეტულად, 2025 წელი - 29 684 მართვის მოწმობა გაიცა, მაშინ როდესაც 2024 წელს ეს მონაცემი - 28 733 ერთეული იყო.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გაცემული მართვის მოწმობების რაოდენობა გაცილებით მაღალი იყო 2022 წლამდე, კერძოდ იმ პერიოდამდე, ვიდრე ქვეყანაში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება გართულდებოდა და პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდებოდა. მაგალითისთვის, ქალაქის გამოცდის დამატებამდე, 2021 წელს -  47 891 მართვის მოწმობა გაიცა.

ბიზნესპარტნიორთან“ დავით მესხიშვილი - „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ პრობლემა არა გაცემული მართვის მოწმობების რაოდენობაში, არამედ მანქანის მართვის კულტურაშია.

„გაცემული მართვის მოწმობების რიცხვი რაიმე განსაკუთრებულ სურათს არ გვაჩვენებს, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, დაახლოებით, რა რაოდენობის ავტომობილი შეიძლება დაემატოს საქართველოს ავტოპარკს. აქ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, ჩვენ როგორ გამოვიყენებთ, როგორ მოვიხმართ ავტომობილებს - ეს არ შეესაბამება საერთაშორისო კარგ პრაქტიკას. მაგალითად, 500 მეტრისთვის, 1 კილომეტრისთვის, სახლიდან - სამსახურამდე ვიყენებთ ხოლმე მანქანას, რაც არ არის კარგი პრაქტიკა. კარგი პრაქტიკა იქნებოდა ის, რომ ჩვენ ვიყენებდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ავტომობილების მოხმარების კულტურა ჩვენი განსხვავებულია ევროპული კულტურისგან. იქ, სადაც ჩვენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით უნდა ვმგზავრობდეთ, ვმგზავრობთ კერძო ავტომობილებით და ეს არ არის კარგი“, - აღნიშნა „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა.

მან ავტოსკოლების რეფორმის საკითხზეც კიდევ ერთხელ ისაუბრა.

რაც შეეხება თავად მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ხარისხს, ამ გამოცდაზე ცოდნის მოთხოვნა უფრო ამაღლებულია, გარდა ამისა, საგამოცდო სისტემაში არ არის კორუფცია, რაც დადებითი ტენდენციაა. თუმცა, კვლავ არსებობს რისკი, რომ მართვის მოწმობა უცოდინარი ადამიანის ხელში აღმოჩნდეს. ყველაზე მკაცრი საგამოცდო სისტემაც კი ვერ დაადგენს, მართვის მოწმობის მაძიებელს აქვს თუ არა შესაბამისი უნარ-ჩვევა, ან ცოდნა. ყველა ეს უნარი ავტოსკოლებში ყალიბდება. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ავტოსკოლების რეფორმა. არა ერთხელ გვითქვამს, რომ ავტოსკოლების საქმიანობა სრულად რეგულირების მიღმაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დაფუძნება ყველანაირი ლიცენზიისა, თუ სერტიფიკატის გარეშე მარტივადაა შესაძლებელი. ასეთ ავტოსკოლაში მიღებული ცოდნის ხარისხი კი ძალიან საეჭვოა. ბევრი ავტოსკოლა ხრიკებისა და კოდირების გზით ასწავლის მართვის მოწმობის აღების მსურველებს “, - განმარტა დავით მესხიშვილმა.

შეგახსენებთ, სპეციალისტები ავტოსკოლების სავალდებულო ლიცენზირების შემოღებას და კონტროლის გამკაცრებას წლებია ითხოვენ. ოფიციალური სტატისტიკა, თუ რამდენი ავტოსკოლა ფუნქციონირებს ქვეყანაში არ არსებობს, თუმცა არაოფიციალურად, მათი რიცხვი შესაძლოა 800-ზე მეტი იყოს.

წყარო: ბიზნესპარტნიორი