გვიან ღამით ავტობანზე, სოფელ აღაიანის მონაკვეთზე კომპანია „მეტროს“ კუთვნილი სამგზავრო ავტობუსი დაიწვა, რომელიც თბილისი-ბათუმის რეისს ასრულებდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სატრანსპორტო საშუალება მთლიანად განადგურდა.
მგზავრები ბათუმში კომპანიის სხვა ავტობუსით გაემგზავრნენ.
რა გახდა აალების მიზეზი - ამასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
„კომერსანტი“ დაინტერესდა თუ რომელ კომპანიაშია დაზღვეული კომპანია „მეტროს“ ავტობუსები. როგორც კომპანიაში განაცხადეს, მათი სატრანსპორტო საშუალებების, ასევე მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევას კომპანია „გრინ დაზღვევა საქართველო“ ახორციელებს.
რა ოდენობის ზარალზეა საუბარი და რა პირობებით მოხდება ანაზღაურება - „კომერსანტი“ ამ კითხვით სადაზღვევო კომპანიას დაუკავშირდა. კომპანიაში კომენტარის გაკეთებას მოგვიანებით დაგვპირდნენ.
თავის დროზე როგორც სს მეტრო ჯორჯია, ასევე გრინ დაზღვევა საქართველო თურქ ბიზნესმენს გალიფ ოზთურქს უკავშირდებოდა. თურქი ბიზნესმენი ბრალდებულია ფინანსურ დანაშაულზე – გამოძიება ამჯერად მილიონერ ბიზნესმენს „ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას“ ედავება.