ბავშვებში რევმატული პროცესი და გულის რევმატული დაზიანებები შემცირებულია განვითარებულ ქვეყნებში, ხოლო განვითარებად ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, ის საკმაოდ აქტუალურ პრობლემად რჩება, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისა  „ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა კარდიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელმა ლიკა კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბავშვთა და მოზარდთა ასაკში არტერიული ჰიპერტენზიის სტატისტიკა მთელ მსოფლიოში მზარდია და ამის ხელშემწყობი მიზეზი ჭარბი წონა, ნაკლებად მოძრავი და არაჯანსაღი ცხოვრების წესია.

„კომერსანტი“ ლიკა კაპანაძე ბავშვთა ასაკში გულის შეძენილი პათოლოგიებისა და არტერიული ჰიპერტენზიის მიზეზებზე, მკურნალობის მეთოდებსა და პრევენციაზე ესაუბრა.

რა იწვევს, ან რა არის გულის შეძენილი პათოლოგიების მაპროვოცირებელი ბავშვებში და რომელი პათოლოგიები გვხვდება ყველაზე ხშირად?

ლიკა კაპანაძე, „ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა კარდიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი: გულის პათოლოგიის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია რევმატული პროცესია, რომელიც იწყება ბავშვთა ასაკში. ამ დროს ყველაზე ხშირად ზიანდება გულის მიტრალური და აორტული სარქველი. საყურადღებოა, თუ ბავშვი ხშირად ავადობს ე.წ. ანგინით, აქვს სახსრების ტკივილი, უნებლიე მოძრაობები, ამ დროს გულის დაზიანება უნდა გამოვრიცხოთ.

გულის შეძენილი პათოლოგიები გვხვდება სხვა რევმატული და არარევმატიული დაავადებების დროსაც. ერთ-ერთი მათგანია კავასაკის დაავადება, რომელიც 5 დღეზე მეტი ხანგრძლივობის ცხელებით მიმდინარეობს. ამ დროს აღენიშნებათ გამონაყარი, ხელისა და ფეხის გულების ჰიპერემია (მკვეთრად გამოხატული სიწითლე), კონიუნქტივიტი, გადიდებული ლიმფური ჯირკვლები. ამ დროს ბავშვებში შეიძლება დაზიანდეს გულის მკვებავი სისხლძარღვები - კორონარული არტერიები, რაც მათ გაგანიერებას და მათში შესაძლო თრომბების ჩამოყალიბებას გულისხმობს. გულზე კავასაკის დაავადების ტიპის ცვლილებები გვხვდება მაშინაც, როდესაც კოვიდ-19-ის ინფექციის შემდეგ, მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ვითარდება.

გულის სხვადასხვა შრე შესაძლოა სხვა ნებისმიერი ვირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ დაზიანდეს. მაგალითად, პერიკარდიტის დროს, როდესაც ანთებითი სითხე გულის გარსებს შორის გროვდება; მიოკარდიტის, გულის კუნთის ანთების დროს, რაც გულის კუმშვადობის დაქვეითებას იწვევს. საბედნიეროდ, მიოკარდიტების განვითარება ხშირად არ გვხვდება.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ აღნიშნული პათოლოგიები?

გულის შეძენილი დაავადებების პრევენცია ხდება ბავშვთა ასაკში. აუცილებელია ჭარბი წონის კორექცია, ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება, ანუ ცხოვრების ჯანსაღი წესი. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ კორონარული არტერიების დაზიანება ზრდასრულებში, ამაზე ზრუნვა ბავშვთა ასაკიდან უნდა დავიწყოთ. ბავშვებში უკვე გეგმურად ვაკეთებთ ქოლესტერინის განსაზღვრას - პირველად 9-11 წლამდე და განმეორებით - 17-21 წლამდე, რაც მსოფლიო აცვის ორგანიზაციის რეკომენდაციას წარმოადგენს. რაც შეეხება სარქვლოვანი პათოლოგიების პრევენციას, ამ შემთხვევაში უმთავრესი როლი რევმატული პროცესის თავიდან აცილებას, ბაქტერიული ინფექციის ადეკვატური და სრული სქემით მკურნალობას და ქრონიკული ინფექციის კერის აღმოფხვრას ენიჭება.

რამდენად ხშირია ბავშვებში არითმია, როგორია სიმპტომები და რა არის ამის მიზეზი?

პირველ რიგში მინდა განვმარტო რას ნიშნავს არითმია. არსებობს რამდენიმე სახის არითმია. ესენია: ბრადიარითმია (როდესაც გულის ცემის სიხშირე ნორმასთან შედარებით უფრო დაბალია), ტაქიარითმია (როდესაც გულის ცემის სიხშირე მაღალია) და არარეგულარული, არათანაბარი გულისცემა.

არითმია ყოველთვის არ ნიშნავს პათოლოგიას. მაგალითად, ბავშვებში ხშირად გვხვდება სუნთქვითი ან სინუსური არითმია, რაც პათოლოგიას არ წარმოადგენს, თუმცა იმისათვის, რომ გამოვრიცხოთ პათოლოგიური არითმიის არსებობა ელექტროკარდიოგრაფიის ჩატარებაა აუცილებელი. ზოგჯერ აუცილებელია ხანგრძლივი ე.კ.გ. მონიტორინგი. ამისათვის კლინიკაში მოთავსება არ არის საჭირო, ეს ამბულატორიულად ხდება.

არითმია შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი,  შეიძლება გვხდებოდეს დამოუკიდებლად, ან რაიმე სხვა დაავადების ფონზე.

ყველაზე ხშირია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას განვითარებული არითმია; ასევე, შესაძლებელია განვითარდეს ვირუსული ინფექციის ფონზე, რევმატული დაზიანების დროს, ტკიპას ნაკბენის შემდეგ რამდენიმე კვირაში ან თვეში, ასევე - სხვადასხვა გენეტიკური ან მემკვიდრეობითი დაავადების დროს.

პაციენტმა, რომელსაც აწუხებს არითმია, შეიძლება მოგვმართოს ჩივილებით: გულის ფრიალის შეგრძნება, თავბრუსხვევა, გონების კარგვა, ზოგადი სისუსტე, დაღლა, სუნთქვის გაძნელება, ზოგჯერ ბავშვები არითმიის შეგრძნებას გადმოსცემენ როგორც ტკივილს გულმკერდის არეში.

რამდენად ხშირია არტერიული ჰიპერტენზია ბავშვებში და რა არის ამის მიზეზი?

მშობლებისთვის განვმარტავ, რომ არტერიული ჰიპერტენზია ნიშნავს არტერიული წნევის მატებას. არტერიული ჰიპერტენზია არსებობს პირველადი და მეორადი. პირველადი ჰიპერტენზია არის გამორიცხვის დიაგნოზი (როდესაც ყველა სხვა დაავადებას გამოვრიცხავთ, რომლის შედეგადაც შეიძლება ჰიპერტენზია მეორადად განვითარდეს).

მეორადი არტერიული ჰიპერტენზია ვითარდება თირკმლის, თირკმლის სისხლძარღვების და საშარდე სისტემის პათოლოგიების, ენდოკრინული დაავადებების (ჰორმონალური დარღვევები), ნევროლოგიური და ნეიროქირურგიული პათოლოგიების დროს.

ბოლო დროს, ბავშვებში ჭარბი წონის და სიმსუქნის დროს ძალიან იმატა არტერიულმა ჰიპერტენზიამ, რაც ძალიან საყურადღებოა. ამ დროს ყველა ღონისძიება მიმართულია, პირველ რიგში, წონის კორექციაზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ბავშვებს, ვისაც ოჯახური ანამნეზი აქვთ დატვირთული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ჭარბი წონისა და დიაბეტის მხრივ. საჭიროა არტერიული წნევის ყოველწლიური კონტროლი.

ბავშვთა ასაკში არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების ერთ-ერთ რისკ ფაქტორს დღენაკლულობა წარმოადგენს.

რა ტიპის მკურნალობის მეთოდებია დანერგილი ბავშვებში გულის შეძენილი პათოლოგიებისა და არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ?

მეორადი ჰიპერტენზიის დროს, პირველ რიგში, ძირითადი დაავადების მკურნალობა და, ასევე, ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების დანიშვნა ხდება. ხოლო პირველადი არტერიული ჰიპერტენზიის დროს (ეს იმას ნიშნავს, რომ არტერიული წნევა თვითონ წარმოადგენს ძირითად დაავადებას), პირველ რიგში, ვიწყებთ ცხოვრების სტილის შეცვლას, (აუცილებლად) ფიზიკურ აქტივობას, სუფრის მარილის შეზღუდვას, დიეტას, წონის კლებას და, თუ საჭირო გახდა, მედიკამენტოზურ მკურნალობას.

გულის შეძენილი სარქვლოვანი პათოლოგიები ბავშვთა ასაკში იშვიათად საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, თუმცა ზოგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დგება ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა. ძირითადი მკურნალობა მიმართულია რევმატული ან ინფექციური პროცესის მედიკამენტოზურ მკურნალობაზე.

განსხვავდება იმ ბავშვების ცხოვრების წესი და დღის რეჟიმი, ვისაც გულის შეძენილი პათოლოგიები აქვს ჯანმრთელი გულის მქონე ბავშვის ცხოვრების წესისგან? რას უნდა მიექცეს ასეთ დროს ყურადღება? რას ურჩევთ მშობლებს?

ყველაფერი დამოკიდებულია დაზიანების სახეობასა და ხარისხზე. უმეტეს შემთხვევაში ზომიერი ფიზიკური დატვირთვა ნებადართულია, თუმცა არსებობს დაავადებები, როდესაც არ არის რეკომენდებული პროფესიული სპორტი და ძლიერი ფიზიკური დატვირთვა. ყველა შემთხვევაში, ფიზიკური აქტივობის სახეობა, სიხშირე და ხანგრძლივობა უნდა განიხილოთ ბავშვის მკურნალ კარდიოლოგთან.

ზოგი პათოლოგიის სრულად განკურნებაა შესაძლებელი, ზოგი არ საჭიროებს განსაკუთრებულ მკურნალობას და ნაკლებად ახასიათებს გაუარესება მოზრდილ ასაკში. არსებობს გულის პათოლოგიები, რომელიც განიცდის პროგრესირებას მოზრდილ ასაკშიც, ამიტომ პაციენტები მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებენ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მივიწყება, აუცილებელია პროფილაქტიკური კვლევა და კონტროლი.