„ბავშვთა ონკოლოგიის სახელმწიფო პროგრამა ფუნქციონირებს იმდენად გამართულად, რომ ჩვენი ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა საიმედო ხელშია და ეს სწორად იმართება“, - აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრმა ბავშვთა ონკოლოგიური სერვისების გაუმჯობესებასა და რეფორმის მიმდინარეობაზე ისაუბრა.

„ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით, საქართველოში ბრწყინვალე ექიმები არიან და მათი შრომაც უპირველესად საჭიროებს დაფასებას. მათთან მუშაობას მსოფლიოს სახელგანთქმული კლინიკებიდან არაერთი ისურვებდა, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ დღეს ქართულ ჯანდაცვის სისტემას დაუმსახურებლად არ აქვს ის რეპუტაცია,რომელიც მაგალითად ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვის მშობელს მშვიდად ყოფნის საშუალებას მისცემდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ვსაუბრობთ კლინიკებთან. ეს საერთო გამოწვევაა და ამას ერთობლივი ძალისხმევით უნდა ვუპასუხოთ. მშობლებისთვის აუცილებლად უნდა არსებობდეს სიმშვიდის განცდა, სწორედ ამიტომ ავამოქმედეთ გამორჩეულად კარგი პროგრამა,რომლის მეშვეობითაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობა ხდება.

აღნიშნული პროგრამა საკმაოდ წარმატებულად მუშაობს. მშობლები ტერიტორიული სიახლოვის გამო ძირითადად თურქეთს ირჩევენ,თუმცა გვაქვს შეთავაზებაში ესპანეთის და ისრაელის კლინიკები. ძირითადი რაოდენობა ონკოლოგიური პაციენტებისა მკურნალობენ სწორედ უცხოეთში,თუმცა საქართველოშიც მკურნალობს რამდენიმე, ესეც არანაკლებ წარმატებულად მინდა აღვნიშნო.

არის განკურნების შემთხვევები ,რაც რა თქმა უნდა იმედიანად ყოფნის საფუძველს გვაძლევს“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური მიმართულებით სერვისების გაუმჯობესებასთან და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„ეს ჩვენი ერთგვარი ჯანდაცვის სისტემის ღირსების საქმეა. რეალურად აქ უნდა არსებობდეს ისეთი გამართული სისტემა, რომლის მიმართ ნდობაც იქნება ურყევი, უდავო, ისეთივე როგორიც შეიძლება წამყვან კლინიკებს ჰქონდეს. ეს არ არის ის სექტორი,სადაც შეგიძლია ხარისხის დაზოგვის უფლება მისცე საკუთარ თავს. ეს არის ის სექტორი, სადაც ყველაფერი საუკეთესო უნდა ჰქონდეთ ბავშვებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტულ კონცეფციაზე მიმდინარეობს სამინისტროში მუშაობა და ვფიქრობთ რომ ეს არ არის მარტივი გეგმა, ეს არის საკმაოდ რთული. ამას დასჭირდება პროფესიონალების მხარდაჭერა. ასევე, აუცილებელია ,ჩვენ მუდმივად გვქონდეს კომუნიკაცია იმ კერებთან, რომლებიც მიიჩნევა თანამედროვე მედიცინის ცენტრებად, ძალიან მნიშვნელოვანია სამეცნიერო თანამშრომლობა და ახალგაზრდა პროფესიონალების მომზადება.

მინდა აღვნიშნო, რომ არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს გააჩენს ქუთაისში მიმდინარე პროექტი, რომელიც გულისხმობს ადრონული თერაპიის ცენტრის შექმნას. ეს არის ისეთი პროექტი, რომელიც გამორჩეულ, წარმატებულ ქვეყნად აქცევს საქართველოს, მათ შორის ამ კონკრეტული მიმართულებით. არც თუ ისე ბევრი დრო დარჩა ამ პროექტის განხორციელებამდე და ესეც შესაძლებელი ხდება ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ქველმოქმედების შედეგად. ეს არის საშვილიშვილო დიდი საქმე. ეს ჩვენზე დიდი ფინანსური შესაძლებლობების მქონე ქვეყნებისთვისაც დიდი ფუფუნებაა. აი ასეთ რამეს იღებს საქართველო ამ ცენტრის შექმნით და განხორციელებით“, - აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს