საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის ინფორმაციით,  სტიქიის ზონაში, ამ დროისთვის დაკავშირება 35 ადამიანთან ვერ ხერხდება.

"რაც შეეხება ადამიანებს, რომლებთანაც ვერ ხერხდება კავშირი, ამ მომენტისთვის, 35 ადამიანია. პროცესი გრძელდება, ხდება გადამოწმება, დაზუსტება." განაცხადა ქარსელაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კი მიმდინარე სამაშველო ღონისძიების  შესახებ ახალ განცხადებას ავრცელებს.

"ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე - მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები. დღეს, დილის ექვსი საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. შემთხვევის ადგილზე, ასევე, მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.

სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, რომლებიც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მუშაობენ სტიქიის ზონაში.