საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფეისბუკის გვერდზე დღეს, 2 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ეჭვქვეშ დგება თბილისის კინოფესტივალის ჩატარების შესაძლებლობა.

საქმე ისაა, რომ კინოცენტრი აპირებს გადახედოს თავის გადაწყვეტილებას კინოფესტივალის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით. კინოფესტივალის ხელმძღვანელი, გაგა ჩხეიძე კი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ დაფინანსების გარეშე, მხოლოდ კერძო სექტორის სახსრებით ასეთი მასშტაბური ღონისძიების ჩატარება ფაქტობრივად შეუძლებელია.

კინოცენტრი ფესტივალის დაფინანსების საკითხის გადახედვის მიზეზად ასახელებს გოეთეს ინსტიტუტის მიერ გაგა ჩხეიძის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ ჩხეიძე კინოცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან უკრაინის მხარდაჭერის გამო გაათავისუფლეს. ეს სტატია გოეთეს ინსტიტუტის მიუნჰენის ოფისშია მომზადებული და ეყრდნობა ჩხეიძის მიერ სხვადასხვა დროს, მედიაში გაკეთებულ განცხადებებს. გოეთეს ინსტიტუტმა გაგა ჩხეიძის შესახებ მასალა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მას, კულტურულ ურთიერთობებში განსაკუთრებული წვლილისთვის. გოეთეს მედალი გადაეცა. კინოცენტრი თავის განცხადებაში საეჭვოდ მიიჩნევს გაგა ჩხეიძის წვლილს კულტურის სფეროში, გოეთეს ინსტიტუტს კი „ფარისევლურ, ცრუ და ყოვლად მიუღებელ ბრალდებებში“ ადანაშაულებს.

„სამწუხაროდ, სტატია შეიცავს მცდარ და ფარისევლურ ბრალდებას იმის შესახებ, თითქოსდა გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მხარდამჭერი საჯარო პოზიციისათვის. ამგვარი უტიფარი სიყალბე უსაფუძვლოდ აყენებს ჩრდილს კინოცენტრის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის რეპუტაციას, და მან შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს და დააბნიოს საზოგადოება.

ზემოაღნიშნული ცრუ და ყოვლად მიუღებელი ბრალდებების ფონზე, კინოცენტრი იტოვებს უფლებას, გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება გაგა ჩხეიძის დირექტორობით ჩატარებული კინოფესტივალის დაფინანსების გაგრძელების თაობაზე“, - ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში. ამავე ტექსტში განმარტებულია, რომ გაგა ჩხეიძის ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლების მიზეზი აუდიტის დასკვნა გახდა, რომლის საფუძველზეც პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

გაგა ჩხეიძე 2022 წლის მარტში კინოცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მინისტრის ბრძანებით გათავისუფლდა მაშინ, როცა ამ პოსტზე ყოფნის ვადის ამოწურვამდე არასრული ორი თვე ჰქონდა დარჩენილი. მაშინ გაგა ჩხეიძე ამბობდა, რომ აუდიტის დასკვნა მხოლოდ ინსტრუმენტია სამინისტროსთვის მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებისთვის და რეალური გათავისუფლების მიზეზი მისი უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები იყო, და ასევე გადაწყვეტილება რუსეთიდან ქართული ფილმების ასლების ჩამოტანის პროცესის შეჩერების შესახებ. გაგა ჩხეიძე თვლიდა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში ფულის გადარიცხვა მიზანშეწონილი არ იყო. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში იგი მინისტრის მხრიდან კინოს ცენზურის მცდელობებსა და გაუმართავ, შეურაცხმყოფელ კომუნიკაციაზეც საუბრობდა. საბოლოოდ, ჩხეიძემ მინისტრის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა - ამ საქმეზე მსჯელობა სასამართლოს ჯერ არ დაუწყია.

„დღესაც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს გათავისუფლება იყო ჩემი განცხადებების გამო და დღესაც ვფიქრობ, რომ რუსეთის ბიუჯეტში თანხების გადარიცხვა საქართველოს მხრიდან იყო ამორალური“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გაგა ჩხეიძემ.

ვრცლად იხილეთ radiotavisupleba.ge