დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მედიკამენტების ფასების რეგულაცია ფრთხილ და გააზრებულ მიდგომას საჭიროებს, რათა ბაზარზე მნიშვნელოვანი პრეპარატების დეფიციტი არ შეიქმნას და მედიკამენტები მოსახლეობისთვის როგორც ფიზიკურად, ისე ფინანსურად ხელმისაწვდომი იყოს.

აღნიშნულით ამირან გამყრელიძე პრემიერის ინიციატივას ეხმაურება ფარმაცევტულ სექტორთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, „უნდა გამოინახოს გზები მედიკამენტებისა და სააფთიაქო სფეროში ფასების შემცირებისთვის, რის ფარგლებშიც სამთავრობო საკოორდინაციო კომისია მუშაობს“.

როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მედიკამენტის ღირებულების ძირითადი ნაწილი სახელმწიფოს ან დაზღვევის სისტემის მიერ უნდა იყოს დაფარული და მოქალაქეს არ უნდა უწევდეს წამლის რეალური ფასის სრულად გადახდა.

„ზოგადად, მედიკამენტების ფასების რეგულაციას სიფრთხილით უნდა მივუდგეთ. არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ბაზარზე მნიშვნელოვანი მედიკამენტების დეფიციტს გამოიწვევს. წამლები მოსახლეობისთვის ფიზიკურად და ფინანსურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროებაა საკვები, შემდეგ კი – მედიკამენტი. ამიტომ რეგულაციების შემოღებისას აუცილებელია ბალანსირებული მიდგომა და მჭიდრო თანამშრომლობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის.

დღეს საქართველოში თავისუფალი ბაზარია და იშვიათად ფიქსირდება რომელიმე მედიკამენტის დეფიციტი. აღარ არსებობს სახელმწიფო მომარაგების სისტემა, როგორიც საბჭოთა პერიოდში იყო, როდესაც მთავარი სააფთიაქო სამმართველო უზრუნველყოფდა წამლების შემოტანასა და განაწილებას და პროცესი სახელმწიფო სუბსიდირებით ხორციელდებოდა. მაშინ არჩევანი და ხარისხი გაცილებით შეზღუდული იყო, ვიდრე დღეს. სწორედ ამიტომ, არ უნდა დავუშვათ მედიკამენტების დეფიციტის წარმოშობა.

ქვეყანაში სააფთიაქო ქსელები ინფრასტრუქტურისა და მომსახურების კუთხით საკმაოდ ძლიერად არიან წარმოდგენილნი. ბრენდული აფთიაქები მომსახურების კულტურით დასავლურ სტანდარტებს არ ჩამოუვარდებიან. თუმცა პრობლემად რჩება ბაზარზე აფთიაქების სიჭარბე - როგორც მსხვილი, ისე წვრილი ობიექტების სახით. ეს საკითხი ჯერ კიდევ 1990-იან წლებში იდგა დღის წესრიგში, მათ შორის 1997 წელს, წამლის კანონის მიღების პროცესშიც, აქაც კარგად არის გასათვალისწინებელი საერთაშორისო გამოცდილება და ჯანმოს რეკომენდაციები, მაგრამ აქაც უცბად დანია და შვეიცარია თუ ავსტრია ვერ გავხდებით.

მეორე მხრივ, გვაქვს ვითარება, როდესაც მოქალაქეს უწევს ერთი აფთიაქიდან მეორეში გადასვლა, რადგან კონკრეტული მედიკამენტის ღირებულებას სახელმწიფო ვერ ფარავს. ასეთი პრობლემები ერთ ან ორ დღეში, ან თუნდაც ერთ-ორ თვეში ვერ მოგვარდება. საჭიროა მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიების შემუშავება, რათა მივუახლოვდეთ იმ სტანდარტებს, რომლებიც ცივილიზებულ ქვეყნებში მოქმედებს.

მედიკამენტები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მათი ღირებულების მაქსიმალური ნაწილი სახელმწიფოს ან დაზღვევის მიერ უნდა ანაზღაურდეს. ეს უნდა იყოს მთავარი მიზანი - ადამიანი არ უნდა იხდიდეს წამლის რეალურ ღირებულებას“, - აცხადებს გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძემ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ვითარებასა და მედიკამენტების ფასების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად განსახორციელებელ ნაბიჯებზეც ისაუბრა.

„მსოფლიო ფარმაცევტული ბაზარი ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიაა, დაახლოებით 1.5 ტრილიონი დოლარის ბრუნვით. ყველა ქვეყანა სხვადასხვა მექანიზმს იყენებს ფასების რეგულირებისთვის. მე არასდროს ვიყენებ ტერმინს - „ფასების შემცირება“. მედიკამენტის შექმნა უკიდურესად ძვირი პროცესია (დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარი მოლეკულიდან საბოლოო პროდუქტამდე, იმედია ხელოვნური ინტელექტი შეამცირებს ამ პერიოდს) და ის იაფი ვერ იქნება. მთავარი ის არის, რომ მედიკამენტი ფინანსურად და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის.

განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ჯანდაცვის სისტემა გამართულად ფუნქციონირებს, წამლის ფასი შესაძლოა მაღალი იყოს, თუმცა ის არ წარმოადგენს ტვირთს მოქალაქისთვის. ღირებულების ანაზღაურება სახელმწიფოს ან სადაზღვევო სისტემების მიერ ხდება. მოსახლეობა მხოლოდ მცირე, დაახლოებით 5–10%-იან თანაგადახდას ახორციელებს და ისიც არა ყველა მედიკამენტზე.

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის საკითხი ერთიანი მიდგომით ვერ გადაწყდება - საჭიროა მრავალმხრივი სტრატეგია. არსებობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მკაცრი რეკომენდაციები და სასურველია, ქვეყანა სწორედ ამ მიდგომებს მიჰყვეს.

ერთ-ერთი მექანიზმია ე.წ. გარე რეფერენტული ფასების გამოყენება, რომელსაც საქართველო ნაწილობრივ უკვე მიმართავს. ასევე მნიშვნელოვანია გენერიკული და ბიოსიმილარული მედიკამენტების გამოყენების წახალისება. ხარისხიანი გენერიკული პრეპარატი მოქმედების მექანიზმით არ ჩამოუვარდება ბრენდულს და ბევრ განვითარებულ ქვეყანაში სწორედ ისინი გამოიყენება, ანუ გენერიკული ფარმაცევტული პოლიტიკა. ეს მიდგომა საქართველოშიც დაინერგა, თუმცა სრულფასოვნად ჯერ ვერ ამუშავდა ბევრი მიზეზის გამო.

მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ ფასებზე მოლაპარაკებები და ე.წ. დიდი შესყიდვები, განსაკუთრებით ძვირადღირებულ ონკოლოგიურ პრეპარატებზე. ასევე აუცილებელია ექიმებისა და ფარმაცევტების უწყვეტი განათლება, პოლიპრაგმაზიასთან ბრძოლა და ადგილობრივი წარმოების მაქსიმალური ხელშეწყობა, რათა მისი წილი საერთო მოხმარებაში გაიზარდოს.

ფასების ხელმისაწვდომობის რეგულირებისთვის მრავალი მექანიზმი არსებობს - ფასების ფორმირების გამჭვირვალობა, კონტრაქტების საჯაროობა, არაპირდაპირი რეგულაციები, რეცეპტების სისტემის მკაცრი მართვა. აუცილებელია, ყოველწლიურად ან ორ წელში მაინც გადაიხედებოდეს და ქვეყნდებოდეს ესენციალური მედიკამენტების ნუსხა, რომელიც ჯანმო-ს მიდგომებზეა დაფუძნებული და მოიცავს სასიცოცხლოდ აუცილებელ პრეპარატებს. ეს მედიკამენტები ქვეყანაში ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც ფინანსურად, ისე გეოგრაფიულად.

ასევე საჭიროა, სახელმწიფო და კერძო სადაზღვევო პროგრამებში მაქსიმალურად გაფართოვდეს მედიკამენტების ანაზღაურების კომპონენტი. როდესაც პაციენტი მედიკამენტის ღირებულების მხოლოდ მცირე ნაწილს იხდის (სიმბოლური თანაგადახდა), ეს ამცირებს თვითმკურნალობის რისკს და უზრუნველყოფს წამლების გამოყენების უკეთ აღრიცხვას. ამ პროცესში გადამწყვეტია რეცეპტის გონიერი გამოყენების მკაცრი კონტროლი.

ზემოაღნიშნული მექანიზმების ნაწილი საქართველოში ნაწილობრივ დანერგილია, თუმცა ისინი სრულად ჯერ ვერ მუშაობს. აუცილებელია ძლიერი მონიტორინგი და, რაც მთავარია, მჭიდრო თანამშრომლობა სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და პროფესიულ ასოციაციებს შორის ყველა ახალი გადაწყვეტილების მომზადების პროცესში“, - აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

www.interpressnews.ge