ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია (აფბა) „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ირგვლივ მიმდინარე დავის პროცესზე აქტიურ საზოგადოებრივ მონიტორინგს იწყებს.
„მოცემული შემთხვევა წარმოადგენს განათლების სექტორში ინვესტორის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიური ხასიათის დავას, რომლის შინაარსი აშკარად გაცდენილია ერთი კონკრეტული სუბიექტის ფარგლებს და შეიძლება საშიში პრეცედენტის მნიშვნელობა შეიძინოს. ამდენად, ამ პროცესის საზოგადოებრივი მონიტორინგის წარმოება მნიშვნელოვან გამოწვევად მიგვაჩნია“, - აცხადებენ „აფბაში“.
როგორც „აფბას“განცხადებაშია ნათქვამი, მათ შეშფოთებას იწვევს „ქართულ-ბრიტანული აკადემიის“ მინორიტარი აქციონერების, ჯანაშია-ცეცხლაძის ოჯახური წყვილის მიერ, საკითხთან დაკავშირებით მედიასა და სოციალურ ქსელებში წარმოებული კამპანიის სულისკვეთება,რომელიც გამოხატულად ბრალდებითი და დეფამაციური ხასიათისაა და პრაქტიკულად მოკლებულია მყარ არგუმენტაციას.
ასოციაციის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებულად მიუღებელია, რომ სამართლებრივი დავის ნაცვლად ადგილი აქვს ფიზიკური შეურაცხყოფისა და სიტყვიერი ძალადობის მცდელობებსაც. „მსგავსი მიდგომა საფუძველშივე აზიანებს საპარტნიორო ურთიერთობებს და დამანგრევლად მოქმედებს სასკოლო საზოგადოებაზე: მოსწავლეებზე, მშობლებსა და პედაგოგებზე. დავის მიმდინარეობამ ნეგატიური გავლენა არ უნდა მოახდინოს მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მინორიტარი აქციონერები - ჯანაშია-ცეცხლაძის ოჯახური წყვილი, „საქართველოს განათლების ჯგუფს“, შესაბამისად, მის დამფუძნებელ კომპანიას - „საქართველოს კაპიტალს“ (ქვეყნის უმსხვილეს ფინანსურ ჯგუფს) უაპელაციოდ უყენებენ მძიმე ბრალდებებს, საზოგადოებრივი მონიტორინგისას მთავარი გამოწვევა უნდა გახდეს არსებული მასალების დოკუმენტური შესწავლა, მათ შორის, 2019 წლის საინვესტიციო ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასისა და ხელშეკრულებით გაწერილი ვალდებულებების შესრულების ანალიზი. აგრეთვე, სკოლის მართვის პერიოდში ჯანაშია-ცეცხლაძის მიერ განხორციელებული საქმიანობის ხარჯთაღრიცხვისა და აუდიტორული დასკვნების მიმოხილვა და მინორიტარი აქციონერის მხრიდან „საქართველოს განათლების ჯგუფის“ მისამართით გამოთქმული ბრალდებების რეალობასთან შესაბამისობის გარკვევა.
„ბრიტანულ-ქართულიი აკადემიის“ გარშემო მიმდინარე დავის საზოგადოებრივი მონიტორინგის პროცესი მაქსიმალურად ოპერატიულად და გამჭვირვალედ წარიმართება და დასაბუთებული დოკუმენტებით გამოირიცხება საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება,“ - აღნიშნულია „აფბას“ განცხადებაში.