28 აპრილი სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო დღეა! წლევანდელი სლოგანია - „უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა"
გლობალურ კამპანიას შრომის ინსპექციის სამსახური უერთდება და კიდევ ერთხელ ახსენებს საზოგადოებას, რომ უსაფრთხო სამუშაო გარემო უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი კლება ფიქსირდება სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევების მიმართულებით. 2018 წელთან შედარებით, 41%ით შემცირდა სამუშაო სივრცეში გარდაცვლილთა რაოდენობა.
შრომის ინსპექციის სამსახურმა გასულ წელს 2500-ზე მეტი ინსპექტირება ჩაატარა, მხოლოდ უსაფრთხოების მიმართულებით.
რაც შეეხება მიმდინარე სტატისტიკას, უწყების მიერ 2023 წლის პირველ კვარტალში შემოწმდა 292 სამშენებლო ობიექტი. საიდანაც 112 ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები და სამსახურის მიერ გამოყენებულ იქნა სამუშაო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება. ხოლო დარჩენილ 180 ობიექტს მიეცა გაფრთხილება გონივრული ვადით დარღვევების გამოსასწორებლად.