საქართველოში 2023 წლის II კვარტალში 600 ლარამდე ხელფასს 174 000 ადამიანი იღებდა. 240 000-ს შეადგენდა იმ დასაქმებულების რაოდენობა, რომელთა ხელფასიც 600-დან 1200 ლარამდე იყო. ინფორმაცია PMCG-ის მაკრო მიმოხილვაშია აღნიშნული.

აპრილი-ივნისის პერიოდში ყველაზე მეტნი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ხელფასის სახით 1200-დან 2400 ლარამდე თანხას იღებდნენ. საქართველოში ამ ოდენობის ხელფასი 323 000 დასაქმებულს ჰქონდა.

2400 ლარზე მაღალი ხელფასი კი ქვეყანაში 207 000 მოქალაქეს ჰქონდა. 

2023 წლის II კვარტალში ყოველთვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.2%-ით გაიზარდა. BAG ინდექსის მიხედვით, კომპანიათა 32%-მა 2023 წლის მეორე კვარტალში გაზარდა თანამშრომლების ხელფასები, ხოლო მათმა უმეტესობამ თანამშრომლების ხელფასები 0-20%-ის ფარგლებში გაზარდა.