რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყება და ნოემბრის ბოლოს დასრულდება,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სამუშაოები 23 ივლისის 00:00 საათიდან დაიწყება და მოიცავს რუსთაველის გამზირის მონაკვეთს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე, რაც დაახლოებით ორ კილომეტრ სიგრძის გზის სავალ ნაწილს შეადგენს.
პროექტის პირველ ეტაპზე განახლდება მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციები — შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური ქსელები. ასევე, საჰაერო ელექტროსადენები მიწისქვეშა საკაბელო არხებში განთავსდება, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები და მოეწყობა ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა.
კალაძის თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები, დაიგება ახალი ასფალტის საფარი, სრულად შეიცვლება გარე განათების სისტემა და დამონტაჟდება თანამედროვე LED სანათები.
მისივე განცხადებით, პროექტი ითვალისწინებს არსებული მწვანე სივრცეების განახლებას, ახალი ხე-მცენარეების დარგვას, ქვეითთა უსაფრთხოების გაუმჯობესებას, მიწისზედა გადასასვლელების მოწყობას, საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური მონიშვნების განახლებას. ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
აღსანიშნავია, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყების ვადა ბოლო წლებში არაერთხელ გადაიდო. 2026 წლის აპრილში კახა კალაძე აცხადებდა, რომ სამუშაოები მაისში დაიწყებოდა. ანალოგიური განცხადება მან თებერვალშიც გააკეთა და მაშინ ვარაუდობდა, რომ პროექტი ზაფხულის ბოლოს დასრულდებოდა.
მანამდე, 2025 წლის ოქტომბერში, თბილისის მერი რეაბილიტაციის დაწყებას „ახალი წლების შემდეგ“ აანონსებდა.
2025 წლის მარტში კი კალაძემ თქვა, რომ სამუშაოების 2026 წლამდე გადავადება გახდა საჭირო, რადგან ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მიწისქვეშ მასშტაბური საინჟინრო სამუშაოებია ჩასატარებელი, ხოლო რუსთაველის გამზირის ხანგრძლივი გადაკეტვა დედაქალაქისთვის მნიშვნელოვან სატრანსპორტო პრობლემებს შექმნიდა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მთავარი გამზირის რეაბილიტაციის შესახებ კახა კალაძემ პირველად 2023 წელს, თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მაშინ იგი აცხადებდა, რომ პროექტი 2024 წელს, ორ ეტაპად განხორციელდებოდა.