„უნდა ითქვას, რომ მმართველმა პარტიამ ბოლო რვა თვის განმავლობაში ურთულეს სტილისტურ ხერხს - ოქსიმორონს - მიმართა. ოქსიმორონი ისეთი სტილისტიკური ილეთია, როცა ხდება შეუთავსებელი ცნებების შერწყმა ერთ კონტექსტში“ - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე თვალჭრელიძემ ისაუბრა.
„აშკარა ოქსიმორონებია მმართველი გუნდის, განსაკუთრებით კი ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის მიერ მოგონილი უკვე კლიშეებად ქცეული ისეთი ტერმინები, როგორიცაა „ლიბერალური ფაშიზმი“, ან „გლობალური ომის პარტია“, კიდევ რომელი დაგისახელოთ. ეს აშკარა ნოვაციაა პოლიტოლოგიაში თუ არა, ენათმეცნიერებაში მაინც, ვინაიდან ასეთი ცნებები ბუნებაში არ არსებობს. ფაშიზმი არ შეიძლება იყოს ლიბერალური, ხოლო როგორ წარმოგიდგენიათ გლობალური ომის პარტიის დაფუძნება ან მისი მართვა? ჩვენ ხომ უმბერტო ეკოსა ან დენ ბრაუნის მიერ გამოგონილ სამყაროში არ ვცხოვრობთ, ჩვენ რეალურ პრობლემებთან გვიწევს გამკლავება. უკვე ზემოთქმულიდან ჩანს, რომ მმართველი გუნდი ან საერთოდ ვერ ხედავს საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს, ან თავს იტყუებს ან, რაც კიდევ უფრო უარესია, ურცხვად ჩვენ გვატყუებს და ცდილობს ტელეარხი „იმედის“ ანაბარად დაგვტოვოს. სხვანაირად რით ავხსნათ, რომ ბატონი ირაკლი კობახიძე ვერ ხედავს ყოველდღე საქართველოს ქალაქებში პროტესტის სულისკვეთებით გამსჭვალულ ასობით ათას ადამიანს და გვიმტკიცებს, რომ ოპოზიციას ანუ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ 1000 კაცზე მეტი ვერ გამოჰყავს. ცდებით, ბარტონო ირაკლი. ქუჩაში ხალხს მათრახით არავინ მიერეკება. არც რომელიმე პოლიტიკური ძალა უდგას სათავეში ხალხის სამართლიან და კანონზომიერ პროტესტს.
აშკარა ოქსიმორონებია მმართველი გუნდის, განსაკუთრებით კი ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის მიერ მოგონილი უკვე კლიშეებად ქცეული ისეთი ტერმინები, როგორიცაა „ლიბერალური ფაშიზმი“, ან „გლობალური ომის პარტია“, კიდევ რომელი დაგისახელოთ. ეს აშკარა ნოვაციაა პოლიტოლოგიაში თუ არა, ენათმეცნიერებაში მაინც, ვინაიდან ასეთი ცნებები ბუნებაში არ არსებობს. ფაშიზმი არ შეიძლება იყოს ლიბერალური, ხოლო როგორ წარმოგიდგენიათ გლობალური ომის პარტიის დაფუძნება ან მისი მართვა?
და ეს პროტესტი არა თქვენმა რომელიმე პოლიტიკურმა ოპონენტმა, არამედ ზუსტად თქვენმა, უკეთეს შემთხვევაში - დაუფიქრებელმა, უარეს შემთხვევაში კი, მაპატიეთ, პროვოკაციულმა გამონათქვამებმა გამოიწვია.
ყოველ პრობლემას, როგორც მედალს, ორი მხარე აქვს, დადებითი და უარყოფითი. უმწვავესი პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად შექმნილ ვითარებას ერთი მეტად მნიშვნელოვანი დადებითი ელემენტიც გააჩნია. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში უკვე სრულყოფილად ჩამოყალიბდა სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენ თვალწინ ხდება ასეთი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი სტრუქტურებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაარსება.
ამ თვალთახედვით მე ერთ ჩემთვის მეტად მნიშვნელოვან და, ჩემი აზრით, არასათანადოდ გაშუქებულ ფაქტს გავუსმევდი ხაზს: მხედველობაში მაქვს საჯარო მოხელეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის დაფუძნება. გაფრინდა პირველი მერცხალი! მოხდა ის, რასაც მე უკვე ოცდახუთი წლის წინ ვვარაუდობდი.
2025 წელს საქართველო შეხვდა ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისით, შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირებით, ვერ დაგეთანხმებით, რომ ჩვენ მის ზღვარზე უკვე გავიარეთ, მაგრამ უკეთესი მომავლის არც თუ დაუსაბუთებელი იმედით.
ჭეშმარიტად დამოუკიდებელი პროფკავშირების გარეშე თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოება ვერ იარსებებს. მაგალითად, ვერ მოხერხდება საზოგადოებრივი დაუმორჩილებლობის ბერკეტის სრულყოფილად გამოყენება“ - განაცხადა თვალჭრელიძემ.