ზოგადი განათლების სექტორის შემოსავალი 2023 წელს 15.5%-ით გაიზარდა და 1.5 მილიარდი ლარი შეადგინა, - ამის შესახებ Galt & Taggart საქართველოს განათლების სექტორის კვლევაში წერს, რომლის მიხედვითაც შემოსავლების ზრდა ძირითადად სახელმწიფო ხარჯების ზრდით იყო გამოწვეული.
გასულ წელს კერძო სექტორის შემოსავალმაც ზრდა დააფიქსირა. რასაც ხელი შეუწყო, როგორც ჩარიცხვების ზრდამ, ასევე სწავლის საფასურის გაზრდამ. მოსალოდნელია, რომ კერძო სკოლებში მიმართვიანობა გაიზრდება და, ამჟამინდელი 66,5 ათასიდან, დაახლოებით, 73,1 ათას მოსწავლეს მიაღწევს 2028/29 სასწავლო წლისთვის. Galt & Taggart წერს, რომ მოსწავლეთა ზრდა მოსალოდნელია, სასკოლო ასაკის მოსახლეობის საერთო კლების მიუხედავად, რაც შობადობის მაჩვენებლის შემცირებითაა გამოწვეული.
გარდა ამისა, კვლევის მიხედვით მოსალოდნელია, რომ თბილისიდან კერძო სკოლები გარეუბნებში გადაინაცვლებენ. ამის მიზეზი ურბანული მიწის სიმცირე და მაღალშემოსავლიანი მაცხოვრებლების გარეუბანში მიგრაციაა.
რაც შეეხება უმაღლესი განათლების სექტორს, გასულ წელს შემოსავლები 19.6%-ით, ₾1.1 მილიარდამდე გაიზარდა, მთლიანად განათლების სექტორის შემოსავლები კი 18.7%-ით. Galt & Taggart წერს, რომ ეს ზრდა განპირობებულია სახელმწიფო ხარჯების გაზრდით, უცხოელი სტუდენტების შემოდინებით, სწავლის საფასურის ზრდით და კერძო სკოლებში ჩარიცხვების მზარდი რაოდენობით.