„ჩვენ არასდროს დავტოვებთ ჩვენს მოქალაქეებს პრობლემების პირისპირ. მთავარია, ქვეყნის ეკონომიკა ისე განვავითაროთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს ქვეყანაში, ვისაც ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა დასჭირდება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
კახა კალაძემ საზოგადოებას 2018-2025 წლებში თბილისის მერიის მიერ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებული პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„თბილისის მოსახლეობამ 2017 წლიდან დაგვიჭირა მხარი, გვენდო და დღესაც აგრძელებს მხარდაჭერას მნიშვნელოვანი პროექტებისა და რეფორმების განხორციელების დროს, რაც ჩვენი დედაქალაქის მომავლისთის მნიშვნელოვანია. ყველა პროექტი, რომელიც თბილისში ხორციელდება, მიმართულია იმისკენ, რომ ამ ქალაქში მცხოვრებმა ადამიანებმა თავი იგრძნონ კომფორტულად, თუმცა, ყველაზე მთავარი არის ადამიანი. ყველაზე ძვირფასი, რაც გაგვაჩნია, არის სიცოცხლე, რომელიც ღმერთმა გვაჩუქა. ადამიანებზე ზრუნვა კი ჩვენი გუნდის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.
რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრს პარლამენტში ჰქონდა ანგარიში, სადაც ისაუბრა, თუ რა გავაკეთეთ 2012 წლიდან დღემდე, როგორია პროგრესი ეკონომიკური თვალსაზრისით თუ სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. აბსოლუტურად ყველა დარგში გვაქვს წინსვლა. თუმცა, ცხადია არსებობს გამოწვევები და ჩვენ ამაზე ღიად ვსაუბრობთ. ბატონმა ირაკლიმაც ისაუბრა, როგორია გუნდის ხედვა და რა გაკეთდება მომავალში იმისთვის, რომ ყველა პრობლემა მოგვარდეს. ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდებათ. ჩვენ არასდროს დავტოვებთ ჩვენს მოქალაქეებს პრობლემების პირისპირ. მთავარია, ქვეყნის ეკონომიკა ისე განვავითაროთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს ქვეყანაში, ვისაც ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა დასჭირდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
პრეზენტაციაზე კახა კალაძემ ისაუბრა უსახლკაროთა რეგისტრაციის, საცხოვრებელი ფართების დაკანონებისა და კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულების პროგრამების შესახებ, რომელსაც მუნიციპალიტეტი აქტიურად ახორციელებს.
აქვე, კახა კალაძის ინფორმაციით, 2018 წლისთვის დედაქალაქში 400-მდე უსახლკარო ოჯახი იყო აღრიცხული. მიმდინარე წლის ოქტომბრამდე კი ყველა ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართებით.
„რაც შეეხება უშუალოდ ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ხორციელდება, ჩვენ უამრავ ადამიანს შევუნარჩუნეთ სიცოცხლე. მინდა ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, რომ არავის არასდროს დასჭირდეს იმ პროგრამებში ჩართვა, რაც მუნიციპალიტეტს აქვს. აქვე მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა თანამშრომელს, ვინც ზრუნავს თბილისზე და თბილისელებზე. მადლობა დარგის სპეციალისტებსაც, რადგან მათი მხარდაჭერის გარეშე ამ პროგრამებს ვერ განვახორციელებთ.
2021 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მოსახლეობას დავპირდი, რომ უსახლკარო ადამიანების პრობლემას მოვაგვარებდით. მაშინ ასეთი სტატუსის მქონე 400-მდე ადამიანი გვყავდა. უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში, ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ და ოქტომბრამდე ყველა ოჯახი დაკმაყოფილდება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა. ადამიანები ათეული წლები ცხოვრობდნენ სახლებში, რომლებსაც ვერ იკანონებდნენ. ჩვენ 2017 წელს ამ ოჯახებს მივეცით პირობა და ასეულობით მილიონობით ქონება, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო, უკვე ამ ადამიანების საკუთრებაშია გადაცემული. კოოპერატიული ბინათმშენებლობებიც ათწლეულების მოუგვარებელი პრობლემა იყო, რომელიც ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა. ჩვენ, „ქართული ოცნება“ ვართ ის გუნდი, ვინც კონკრეტული ნაბიჯები გადადგა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ სოციალური და ჯანდაცვის პოგრამების გარდა, დამსწრე საზოგადოებას, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად მოწესრიგებულია და რაც ყველაზე მთავარია, ბაღები არის უფასო.
„რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღებს, ყველა ხედავთ როგორი სტანდარტი შემოვიღეთ, როგორი ინფრასტრუქტურა, როგორი კვება და სისუფთავეა. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი შვილები პირვანდელ განათლებას ყველანაირად მოწესრიგებულ გარემოში უნდა იღებდნენ. შემიძლია დავიტრაბახო, რომ ევროპულ განვითარებულ ქვეყნებს არაფრით ჩამოვუვარდებით ამ მიმართულებით. აქაც გვაქვს გამოწვევები, ძველ შენობებს რეაბილიტაციას ვუტარებთ და ძირითადად ახალ ბაღებს ვაშენებთ. ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა ის, რომ დღეს საბავშვო ბაღები არის უფასო. წლების განმავლობაში იყო ფასიანი, რაც ოჯახებისთვის ფინანსურად დიდ ზეწოლას წარმოადგენდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მინისტრთა კაბინეტის, პარლამენტის, დედაქალაქის მთავრობის წევრები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.