ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოსე მანუელ ალბარესი, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს ულოცავს და ამის შესახებ X-ის პირად გვერდზე წერს.

„ვულოცავ საქართველოსა და ჩემს კოლეგას, ილია დარჩიაშვილს ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე რეკომენდაციის გაცემას. ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროპულ გზაზე, რომელსაც ესპანეთი მტკიცედ უჭერს მხარს“, - ნათქვამია ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მიმართვაში.

აღნიშნულს სოციალურ ქსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი გამოეხმაურა.

„მადლობას ვუხდი ხოსე მანუელ ალბარესს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას და იმ ფაქტს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭოს ესპანეთის თავმჯდომარეობის დროს იქნა მიღებული. ჩვენ ვრჩებით ევროკავშირში გაწევრიანების ერთგული“, - წერს მინისტრი.