ბათუმის საკრებულომ პარკირების ახალი წესი დაამტკიცა, რომელიც ქალაქის როგორც საჯარო, ისე კერძო ტერიტორიებზე პარკირების ორგანიზებას და ამ საქმიანობის უფლების კერძო კომპანიებისთვის გადაცემას ითვალისწინებს,- ამის შესახებ ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.

ახალი რეგულაციის მიხედვით, პარკირების ადგილები ორ კატეგორიად იყოფა: საერთო და სპეციალურ ადგილებად. სპეციალური პარკირების ზონები განკუთვნილი იქნება ტაქსებისა და ტვირთების გადაზიდვა-გადატანის მომსახურებისთვის.

დადგენილება პარკირების ორგანიზების უფლების მესამე პირებისთვის გადაცემასაც ითვალისწინებს. ამის განხორციელება შესაძლებელი იქნება როგორც აუქციონის, ისე პირდაპირი განკარგვის გზით. ცალკეულ შემთხვევებში უფლების გადაცემა სასყიდლითაც იქნება შესაძლებელი, რაც კერძო პირს პარკირების საფასურის დაწესების შესაძლებლობას მისცემს.

პარკირების ადგილების განსაზღვრისას მუნიციპალიტეტმა უნდა გაითვალისწინოს სატრანსპორტო ნაკადები, ქუჩების გამტარუნარიანობა, მოსახლეობის სიმჭიდროვე, საგზაო უსაფრთხოება, ეკოლოგიური მდგომარეობა და ქვეითად მოსიარულეთა ინტერესები.

ახალი წესით, ტროტუარების საერთო პარკირების ადგილებად გამოყენება აიკრძალება. ამასთან, საპარკინგე ადგილები სანიაღვრე და საკანალიზაციო ჭებისგან, სახანძრო ჰიდრანტებისა და ნარჩენების კონტეინერებისგან მინიმუმ 2 მეტრით უნდა იყოს დაშორებული, გზაჯვარედინების გადაკვეთის ადგილებიდან კი — არანაკლებ 5 მეტრით.

შშმ პირთა პარკირების ბარათებზე ახალი რეგულაციები

დადგენილებით იცვლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პარკირების საცნობი ნიშნის გაცემისა და გამოყენების წესიც. ახალი მიდგომით, ბარათი კონკრეტულ ავტომობილზე აღარ იქნება მიბმული და უშუალოდ შშმ პირზე გაიცემა.

ეს ნიშნავს, რომ ბარათით სარგებლობა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ ავტომობილში, რომლითაც მისი მფლობელი გადაადგილდება ან მგზავრობს.

საცნობი ნიშნის მისაღებად მოქალაქემ ბათუმის მერიას განცხადებით უნდა მიმართოს და წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და შშმ სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.

ბარათების ნამდვილობისა და აქტიური სტატუსის კონტროლისთვის მუნიციპალური ინსპექცია ელექტრონულ სისტემას გამოიყენებს. ინსპექტორები ავტომობილის საქარე მინაზე განთავსებული QR კოდის დასკანერებით შეძლებენ ინფორმაციის გადამოწმებას.

ამასთან, ინსპექტორს უფლება ექნება შეამოწმოს, იმყოფება თუ არა საცნობი ნიშნის მფლობელი ავტომობილში ან მის ახლომდებარე ტერიტორიაზე. თუ გამოვლინდება, რომ ბარათს მესამე პირი იყენებს ან ავტომობილი შშმ პირს არ ემსახურება, ეს პარკირების წესების დარღვევად ჩაითვლება.

ასეთ შემთხვევაში დამრღვევს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება, ხოლო საცნობი ნიშნის მოქმედება ექვსი თვით შეჩერდება.

კიდევ ერთი სიახლეა სხვა მუნიციპალიტეტების მიერ გაცემული შშმ პირთა პარკირების ბარათების აღიარება. ახალი წესით, ბათუმი საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების მიერ ოფიციალურად გაცემულ საცნობ ნიშნებსაც მიიღებს. შესაბამისად, მათი მფლობელები ბათუმში შესაბამისი სპეციალური საპარკინგე ადგილებით უფასოდ სარგებლობას შეძლებენ.